23 აპრილი 2024,   23:46
ვრცლად
ეს არის დეცენტრალიზაციის პროცესისთვის ძირის გამოთხრა - მიხეილ ბენიძე თვითმმართველობის რეფორმაზე

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე, თვითმმართველობის რეფორმას არჩევანის ეთერში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა ის, რომ ეს პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს.

მან რეფორმაზე საუბრისას დაამატა, რომ შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს პროცესი „მალულად მართვადია“ რეგიონული სამინისტროს მიერ.

„ეს ჩემი აზრით, არის, სამწუხაროდ, ძალიან სამარცხვინო ფაქტი და ეს ამ ყველაფერთან ერთად, ჩემი აზრით, არის თვითმმართველობის, დეცენტრალიზაციის, დემოკრატიის პრინციპებისთვის ძირის გამოთხრა. და რატომ? იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხის მიერ არჩეული საკრებულოს დეპუტატები, ხალხის მიერ მათდამი მინიჭებული მანდატით ხმას აძლევენ ამ ხალხისთვის თვითმმართველობის გაუქმებას,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

მან აღნიშნა, რომ ალოგიკურია, როდესაც საკრებულოს წევრი თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას მხარს უჭერს. მან აღნიშნა, რომ სწორედ ეს აჩენს პარტიული ინტერესის ეჭვს.

მიხეილ ბენიძის თქმით, გადაწყვეტილებას ლეგიტიმურობის პრობლემა აქვს, რადგან ეს ადამიანები, რომლებიც უკვე თავის ვადას ასრულებენ, მსგავს გადაწყვეტილებას, ხალხის ფართო ჩართულობის გარეშე არ უნდა იღებდნენ. მესამე სექტორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ამ რეფორმით ფინანსების დაზოგვა გამორიცხულია. 

დღის ამბები