16 აპრილი 2024,   18:01
ვრცლად
15 წლიანი პატიმრობა - დეპუტატ გელა მიქაძის ადვოკატი არაბთა საემიროებიდან საქმის მასალებს ელოდება

დეპუტატ გელა მიქაძის ადვოკატი ქეთევან ქვარცხავა არაბთა საემიროებიდან საქმის მასალებს ელოდება, თუმცა მისთვის უცნობია გადმოუგზავნის თუ არა არაბული მხარე დოკუმენტაციას. საქმის მასალების მიღების შემდეგ გადაწყდება შემდგომი სამოქმედო გეგმა.

ადვოკატის განცხადებითვე, არაბული კომპანია რაკიას მფლობელი, რასელ ხაიმას საემიროს შეიხი, მიქაძეს რამდენიმე ეპიზოდს ედავება. სწორედ ერთ-ერთზე გამოიტანეს განაჩენი საემიროებში და დეპუტატს 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

„ველოდებით მასალებს, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს მასალები საერთოდ მოგვეწოდება, ამიტომ ინტერნეტით შევეცდებით იმ მასალების მოძიებას რისი საშუალებაც იქნება. პირველ რიგში შემდგომი ნაბიჯი ის იქნება, რომ ჩვენ იგივე მხარესთან გვქონდა დავა მათი სარჩელით ლონდონის სასამართლოში, სადაც უზენაესი სასამართლოს ჩათვლით მოვიგეთ საქმე, შესაბამისად კიდევ ერთი საქმე წამოიწყეს და ამ საქმეზეც მოგებული გვაქვს პირველი ინსტანცია ლონდონში და აპელაციას ველოდებით და ეს ძალიან დაგვეხმარება სააპელაციო საქმის წარმოებაში, რადგან ასეთი სახით ნაწარმოების სისხლის სამართლის საქმე ნებისმიერ ქვეყანაში და მით უმეტეს ბრიტანული სამართლის ქვეყნისთვის არის პარადოქსი,“-განაცხადა ადვოკატმა ქეთევან ქვარცხავამ.

საქმე ეხება 2010 წლის ბიზნეს შეთანხმებას ფოთის პორტზე, რომელზეც დამნაშავედ ცნეს მიქაძის ბიზნეს პარტნიორებიც  და სამივეს 17 მილიონი დოლარის კომპანიაში დაბრუნება დაევალა. სასამართლო დავის გაგრძელებას გეგმავს პატრიოტთა ალიანსის წევრი გელა მიქაძე.

განვახორციელებ ყველა საჭირო ქმედებას, რომ დავიცვა ჩემი შელახული რეპუტაცია. მე ამ საქმეს ასე არ დავტოვებ, იმიტომ, რომ ეს არის ჩემი პირადი შეურაცხყოფა რაც გააკეთეს. მხარეს არ აცნობეს საერთოდ თუ არსებობს საერთოდ სისხლის სამართლის საქმე, ასეთი აბსურდი მსოფლიოში არ არსებობს,“-აცხადებს გელა მიქაძე.

არაბული კომპანია რაკიას წარმომადგენელი საქართველოში, ამ საქმეს თაღლითურ სქემად აფასებს. 

 

დღის ამბები