25 აპრილი 2024,   04:15
ვრცლად
ქართველი დეპუტატისთვის მისჯილი 15 წლიანი პატიმრობა - მხარეები საქმის დეტალებზე საუბრობენ

საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, გელა მიქაძეს შესაძლოა, 15 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდეს. პატრიოტთა ალიანსის წევრის წინააღმდეგ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სასამართლომ მას ეს განაჩენი 17 მილიონი დოლარის გაფლაგვისთვის მიუსაჯა.

გელა მიქაძესა და არაბულ კომპანია რაკიას შორის სხვადასხვა ქვეყანაში ათზე მეტ ეპიზოდზე მიმდინარე დავის პარალელურად, გაერთიანებული საემიროების სასამართლოს მიერ მიღებული 15 წლიანი პატიმრობის გადაწყვეტილება დეპუტატისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. გელა მიქაძე სასამართლოს გადაწყვეტილების პოლიტიკურ ელფერზე საუბრობს და ღირსების შელახვისთვის დავის გაგრძელებას წამყვანი ევროპული ქვეყნების სასამართლოებში გეგმავს.

დეპუტატთან ერთად, განაჩენი საემიროებში დაუსწრებლად ყოფილ მაღალჩინოსანს, გიორგი ჯანაშიას და ასევე რაკიას ყოფილ წარმომადგენელს, ჰატერ მასადის გამოუტანეს.

მიქაძის დაცვის მხარე 15 წლიანი პატიმრობისა და 17 მილიონის ანაზღაურების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით ადამიანის ძირითადი უფლების დარღვევის ფაქტზე საუბრობს. ამის მიზეზად, ადვოკატი ემირატებში გამართული პროცესის დროს, დაცვის უფლების უზრუნველყოფის არარსებობას ასახელებს.

რაკია ჯორჯიას მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 17 მილიონი მხოლოდ ნაწილია იმ სოლიდური თანხის, რისი მითვისებაც კომპანიის წინააღმდეგ შექმნილი თაღლითური სქემით მოხდა. 2013 წელს წილებთან დაკავშირებული დავის შედეგად, გელა მიქაძე მართლაც დააკავეს, თუმცა ის მალევე შეთანხმებით გათავისუფლდა. მიქაძის ადვოკატის განცხადებით, ეს საქმე გასაჩივრებულია და მასზე დავა უახლოეს პერიოდში გაგრძელდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები