18 აპრილი 2024,   04:24
ვრცლად
ნატოს სამიტი - ბრიუსელი წევრი ქვეყნების ლიდერებს გაძლიერებული უსაფრთხოებით ხვდება

ბრიუსელი ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებს გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე ხვდება. ევროპის დედაქალაქში უკვე ჩავიდა დონალდ ტრამპი, რომელიც პრეზიდენტის რანგში პირველად დაესწრება ალიანსის სამიტს. 

სამიტის დღის წესრიგი დღეს ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე გააცნო ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომელმაც საქართველოს შესახებაც ილაპარაკა.

იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა იმ თემებზე, რაზეც ხვალ გაიმართება მსჯელობა. ხვალინდელ შეხვედრაზე მონაწილეობას იღებენ მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნები, შესაბამისად, ხვალ საქართველო არ იქნება ბრიუსელში წარმოდგენილი, თუმცა მიუხედავად ამისა, იენს სტოლტენბერგმა ბრიფინგზე საქართველოს შესახებაც ისაუბრა.

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ ხვალინდელ შეხვედრაზე მსჯელობის ძირითადი თემა ევროპული უსაფრთხოება იქნება, თუმცა აპატურაი არ გამორიცხავს, რომ რომელიმე ლიდერმა საქართველოზეც ისაუბროს. 

„არ გამიკვირდება, თუ რომელიმე ლიდერი საქართველოს საკითხს წამოწევს. ეს არ გამიკვირდება იმიტომაც, რომ ხვალინდელ შეხვედრებზე და ცერემონიებზე მონტენეგრო იქნება. მისი ალიანსში მიღება კი, არის იმის დემონსტრირება, რომ ნატოს კარი ღიაა ისეთი ქვეყნებისთვისაც, როგორიც საქართველოა,“ - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

აპატურაი პოზიტიურად აფასებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დაგეგმილ ვიზიტს საქართველოში. მან აღნიშნა, რომ შეხვედრებზე საუბარი იქნება შავი ზღვის უსაფრთხოების ახალ კონცეფციაზე და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე.

„საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი საქართველოში, არის ძლიერი, პოზიტიური სიგნალი იმისა, რომ თქვენი ქვეყანა ამ გაერთიანების ნაწილია და ერთგულია დემოკრატიის მიმართ,“ - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

დღის ამბები