19 აპრილი 2024,   08:26
ვრცლად
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე პოსტს ტოვებს

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე პოსტს ტოვებს. ინფორმაცია რუსთავი 2-ს სააპელაციო სასამართლომ მიაწოდა. მიზეზად ცერცვაძე აი პლიუსთან დაკავშირებულ სასამართლო დავას ასახელებს და განმარტავს, რომ არ სურს პროცესის მიმდინარეობისას მისი თანამდებობიდან გამომდინარე გარკვეული კითხვები გაჩნდეს. 

ვალერი ცერცვაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"უკანასკნელ პერიოდში არაერთი ცილისმწამებლური და დაუსაბუთებელი განცხადება იქნა
გაკეთებული კომპანია „აიპლიუსის“ მხრიდან, რაც აშკარად სცდებოდა გამოხატვის
თავისუფლების ფარგლებს და უხეშად ლახავდა, როგორც ჩემი, ასევე საქმის განმხილველი
მოსამართლეებისა და მთლიანად სასამართლოს კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

"გასულ კვირას თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა შ.პ.ს. „აიპლიუსისა“ და შ.პ.ს.
„აიტექნიკის“ დავის განხილვა. განვლილი პერიოდის ანალიზის საფუძველზე, ვფიქრობ,
საქმის სააპელაციო წესით განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კომპანია
„აიპლიუსმა“ კვლავ განაგრძოს მსგავსი მეთოდების გამოყენება თბილისის სააპელაციო
სასამართლოს მოსამართლეთა მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი შეხება არ გამაჩნია
ამ კომპანიების საქმიანობასთან და დღემდე არ არსებობს არც ერთი დადასტურებული ფაქტი
სამართალწარმოების პროცესში ჩემ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების რაიმე სახით
გამოყენებისა, ვთვლი, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის შემთხვევაში, ჩემი
თანამდებობრივი სტატუსის გამო, ფორმალურად, მაგრამ მაინც შესაძლებელია გაჩნდეს
გარკვეული შეკითხვები.

"ჩემთვის ძვირფასია თითოეული ჩემი კოლეგა, რომლებთანაც მრავალი ერთად გატარებული
წარმატებული წელი მაკავშირებს და მეამაყება, რომ წილად მხვდა პატივი წლების
განმავლობაში ვყოფილიყავი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და ერთ-ერთი ყველაზე
გამორჩეული და ინოვაციური სასამართლოს თავმჯდომარე.

"ჩემს თანამდებობრივ მდგომარეობაზე მაღლა ვაყენებ მოსამართლეების და მთლიანად სასამართლოს ინტერესებს. შესაბამისად, საზოგადოებაში ამ საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერი ეჭვის გამორიცხვის და მოსალოდნელი შეკითხვების თავიდან აცილების მიზნით, მართებულად მიმაჩნია, დავტოვო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა და ჩემი სამოსამართლეო ვადის ფარგლებში გავაგრძელო მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარის ფუნქციების განხორციელება.

ვალერი ცერცვაძე."

შეგახენებთ, რომ iPhone plus-ის დამფუძნებელმა მამუკა მარღიშვილმა სასამართლო დავის მიმდინარეობისას არაერთხელ განაცხადა, რომ მისი კომპანია iTechnic-მა გააკოტრა, რომლის უკან სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ვალერი ცერცვაძე დგას.

თავის მხრივ ვალერი ცერცვაძე და მისი ოჯახის წევრები კი ამტკიცებდნენ, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს iTechnic-თან არაფერი აკავშირებდა. მათ შორის არც ვალერი ცერცვაძის მეუღლეს, iTechnic-ის გენერალურ მენეჯერს.

დღის ამბები