20 აპრილი 2024,   16:20
ვრცლად
ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები მსოფლიო უსაფრთხოების გამოწვევებზე მსჯელობენ   

მსოფლიო უსაფრთხოების გამოწვევებზე ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები  ამ წუთებში ბრიუსელში მსჯელობენ. ახალ შტაბბინაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირველი სამიტი მიმდინარეობს. ოფიციალური შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ნატო-ს ახალ შტაბბინაში ერთიანობის სიმბოლო ბერლინის კედლისა და 11 სექტემბრის ტერაქტების მემორიალები გაიხსნა. სამიტს პირველად ესწრებიან შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის ახალი პრეზიდენტები. დონალდ ტრამპის თქმით, ნატო-ს ყველა წევრმა რომ გაზარდოს ხარჯები, ნატო იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე დღეს არის.

“ნატო-მ მომავალშიც უნდა გაამახვილოს ყურადღება ტერორიზმისა და იმიგრაციისკენ, ასევე რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებისკენ, ასევე ალიანსის აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვრებისკენ. უსაფრთხოების კუთხით არსებული ეს პრობლემები გახდა მიზეზი რატომ ვიყავი პირდაპირი ნატო-ს გენერალური მდივნის და ალიანსის წევრების მიმართ, როდესაც ვთქვი, რომ ბოლოს და ბოლოს ალიანსის წევრებმა სამართლიანი წვლილი უნდა შეიტანონ და შეასრულონ ფინანსური ვალდებულებები. 28 იდან 23 წევრი ჯერ კიდევ არ იხდის ფულს რაც საკუთარი თავდაცვისთვის უნდა გაიღოს. ეს არ არის სამართლიანი ამერიკელი გადამხდელებისთვის. ნატო-ს ყველა წევრმა რომ გაზარდოს ხარჯები მეტი თანხა გვექნება კოლექტიური თავდაცვისთვის, ნატო კი იქნება უფრო ძლიერი ვიდრე დღეს არის“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ნატო იქნება ანტიტერორისტული საერთაშორისო კოალიციის წევრი თუმცა, ალიანსი სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას არ მიიღებს. გარდა ამისა პირველ ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრებს ოცდამეცხრე წევრად მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი ესწრება. ნატო-ში აცხადებენ, რომ ეს საქართველოსთვის ძალიან კარგი მაგალითია.  

დღის ამბები