25 აპრილი 2024,   01:56
ვრცლად
ვარდების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი დაიწყო

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული გალა კონცერტი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. 26 მაისის, რუსთაველის ვეფხისტყაოსნის, გამოფენებისა და სახალხო სეირნობის შემდეგ დასკვნითი ღონისძიება ისევ ვეფხისტყაოსნის თემაზეა აგებული. გალა კონცერტი იმართება სლოგანით "მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ."

ორგანიზატორების განცხადებით, მაყურებელს ვეფხისტყაოსნის თემატიკასთან დაკავშირებით სხვადასხვა კომპოზიტორის ნამუშევარს და ოპერიდან და ბალეტიდან მონაკვეთსაც შესთავაზებენ.

რეჟისორის, დავით დოიაშვილის თქმით, სიმღერის პრემიერაც იგეგმება, რომელსაც მომღერალი, ნატო მეტონიძე შეასრულებს. კონცერტში მონაწილეობას იღებს ნაციონალური ბალეტი, ფოლკლორული ანსამბლები და რამდენიმე ჯგუფი. 

„ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად გაგვეცოცხლებინა ის ილუსტრაცია მეფინგის საშუალებით, რომლითაც გვახსოვს ვეფხისტყაოსანი და ყველა ის დიდი მხატვარი, რომელმაც გააკეთა ეს ილუსტრაციები და რომ არ ყოფილიყო, რომ ყველაფერი წარსულში და დღესაც აქტუალური ვეფხისტყაოსანი, გვექნება სიმღერის პრემიერა,“ - განაცხადა დავით დოიაშვილმა.

ვარდების მოედანზე შეკრებილებს გალა კონცერტის განმავლობაში ალექსი მაჭავარიანის ბალეტიდან ვეფხისტყაოსანი ფრაგმენტის ნახვის შესაძლებლობა მიეცემათ.

„ეს არის 5-წუთიანი მონაკვეთი საუკეთესო მუსიკალური მომენტები აღებული სპექტაკლიდან და მე სპეციალურად ამ დღისთვის დავდგი,“ - განაცხადა მარიამ ალექსიძემ.

დღევანდელი გალა კონცერტი 2 საათს გაგრძელდება. კონცერტის დასრულების შემდეგ კი ფოიერვერკია დაგეგმილი. 

დღის ამბები