ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დღეს თბილისში რამდენიმე კომიტეტის სხდომა გაიმართა. დილით კი დელეგაციის წევრები საოკუპაციო ხაზთან არსებულ სიტუაციას სოფელ ოძისიდან გაეცნენ.
თავდაცვის, ეკონომიკისა და ტექნოლოგიების კომიტეტები პარალელურ რეჟიმში თითქმის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც საქართველოს საკითხები აქტიურად განიხილებოდა.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ჩამოსულ დელეგაციებს დღეს მასპინძლობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
საქართველო ნატო-ს არაწევრი მეხუთე ქვეყანაა, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის სესიას მასპინძლობს. წინა ოთხ შემთხვევაში ყველა ქვეყანა ალიანსის წევრი მალევე გახდა. თბილისში მიმდინარე შეხვედრაზე ქართული მხარე პირველ რიგში სწორედ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს აყენებს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო მოსმენები ხვალაც გაგრძელდება, 29 მაისს კი სესიაზე საქართველოს მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.
ასამბლეის უცხოელი და ქართველი წევრები ერთხმად აღნიშნავენ, რომ თბილისში სესიის გამართვა უმნიშვნელოვანესი გზავნილია ყველასთვის, მათ შორის, რუსეთისთვის.