16 აპრილი 2024,   14:02
ვრცლად
ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის - ნატო-ს დელეგაციის წევრი ლიტვიდან

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები თბილისში განცხადებებს აკეთებენ ჩრდილოეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე. საგაზაფხულო სესიის მესამე დღის ფარგლებში ალიანსის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტების სხდომები მიმდინარეობს.

გერმანიის დელეგაციის წარმომადგენლებმა შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და ამ რეგიონში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე ისაუბრეს.

„საქართველო შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა და მივესალმებით იმ წვლილს რომელიც ქვეყანას ვითარების სტაბილიზების პროცესში შეაქვს. ასევე უნდა აღინიშნოს პროგრესი რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების კუთხით შეინიშნება. დასაფასებელია ის კონტაქტები რომელსაც ქვეყანა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრებ ხალხთან ამყარებს,“ - განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატმა, ჰულა შმიდტმა.

ლიტვის დელეგაციის წევრებმა ყურადღება საქართველოში მიმდინარე ოკუპაციასა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზეც გაამახვილეს.

„განხილვის მთავარი თემა რუსეთის ქმედებები და ამ საკითხთან მიმართებაში რეალისტური მიდგომების შემუშავება იყო. კრემლი თავს ესხმის დემოკრატიას არა მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებიც მის მეზობლად მდებარეობს, არამედ დასავლეთის ქვეყნებშიც. მიმართავს პროპაგანდას, პოლიტიკოსები მოსყიდვას, ყალბი ამბების გავრცელებას და კიბერთავდასხმებს. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის, ეს მნიშვნელოვანია, რადგან პუტინს სურს, რომ ჩვენ შიშით ვიცხოვროთ. მეორე მხრივ, უნდა შევიმუშაოთ მკაფიო სტრატეგია. ცხადია, რომ ნატო-ს ქვეყნებმა ყირიმის ანექსიის შემდეგ გამოიღვიძეს,“ - განაცხადა ლიტვის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რასა იუკნევიჩიენემ.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, თამარ ჩუგოშვილი, აცხადებს, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის MAP-ი არ სჭირდება.

 

„საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი გაწევრიანების მისაღწევად. ანუ MAP-ი არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველომ მიაღწიოს წევრობას. ჩვენ გვაქვს კონკრეტული საკითხები, რომლებსაც საქართველო მიყვება და ასრულებს,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები