საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, ქვეყნის გეოპოლიტიკური როლი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესები - ამ საკითხებზე ისაუბრა საქართველოს პრემიერმინისტრმა სლოვაკეთში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე.
გიორგი კვირიკაშვილმა სესიის მონაწილეებს საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი გააცნო. საუბარი შეეხო ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასა და ქვეყნის სამომავლო გეგმებს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყანა ემზადება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, რომელიც შემოდგომაზე ბრიუსელში გაიმართება და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრაზე კონკრეტული პოლიტიკური მიზნები აისახება.
”მინდა მადლობა გადავუხადო ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზატორებს, რადგან უსაფრთხოება მთავარი ქვაკუთხედი და ყველაფრის საწყისია. არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა მათთან გასამკლავებლად აუცილებელია. საქართველომ მიაღწია უმნიშვნელოვანეს მიზანს - როგორიცაა ვიზალიბერალიზაცია. ეს მიღწევა ქართველების ევრომისწრაფების მატერიალიზებას ახდენს. ამ მიზნით ჩვენ გავატარეთ მნიშვნელოვანი რეფორმები, ხელი მოვაწერეთ ასოცირების შესახებ შეთანხმებას და ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო შეთანხმებას და დავიწყეთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გარდაქმნა. ვიზალიბერალიზაცია არ არის მხოლოდ თავისუფალი მიმოსვლა ქართველებისთვის, მას აქვს ღრმა პოლიტიკური მნიშვნელობა - რომ ევროპამ გაუღო კარი ქართველებს, რაც თავისთავად არის პოლიტიკური ნაბიჯი ევროპის მხრიდან, რომელიც ცხადყოფს, რომ ის აფასებს საქართველოს ძალისხმევას,“ - განაცხადა პრემიერმა.