25 აპრილი 2024,   06:23
ვრცლად
საია-ს ანგარიში და მართლმსაჯულების პრობლემები - ნატო-ს დელეგატებისა და ქართველი პოლიტიკოსების შეფასებები

თბილისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე ცოტა ხნის წინ ანგარიში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა წარადგინა. ანა ნაცვლიშვილმა, სიტყვით გამოსვლის დროს, სასამართლო სისტემა და პროკურატურის მუშობა გააკრიტიკა. მან ასევე საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა.

„ვისაუბრე იმ სისტემურ პრობლემებზე, რომლებიც არსებობს და რჩება მართლმსაჯულების სისტემაში, მათ შორის ვახსენე, რომ ამ პრობლემების ნაწილი, სამწუხაროდ, არ არის გათვალისწინებული კონსტიტუციის ახალ პროექტში,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ესტონეთის დელეგაციის დეპუტატმა, ოუდა კილონამ, საქართველოში მიმდინარე პროცესები, ესტონეთში უკვე განვლილ რთულ და მნიშნელოვან პერიოდს შეადარა და სასამართლო სისტემაში ცვლილებების ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

საპარლამენტო უმცირესობაში ფიქრობენ, რომ საია-ს მიერ წარდგენილი პრობლემების შესახებ უცხოელმა პარტნიორებმა იციან. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში, მედიასა და საკონსტიტუციო ცვლილებების კუთხით არსებულ პრობლემებზე ოპოზიცია მუდამ საუბრობს.

ანა ნაცვლიშვილის გამოსვლის დროს მომხსენებელს უმრავლესობის წარმომადგენელმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ, უპასუხა.

„ხელისუფლების ძალიან მტკიცე ნება არის სასამრთლო რეფორმა და ჩვენ ვხედავთ საკმაოდ დიდ პროგრესს ამ მიმართულებით და ამას საერთაშორისო რეიტინგებიც მოწმობს,“ - განაცხადა სოფო ქაცარავამ.

თბილისში ნატო-ს საგაზაფხულო სესია ხვალ საზეიმოდ დაიხურება.

ამავე თემაზე
დღის ამბები