20 აპრილი 2024,   09:31
ვრცლად
სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატები - გასაუბრების პროცესი დილიდან მიმდინარეობს

იუსტიციის სამინისტროში სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა გასაუბრება მიმდინარეობს. დღეს კონკურსის მესამე ეტაპი უკვე გაიარა 7-მა იურისტმა და ამ წუთებში კომისიის კითხვებს საკონსტიტუციო სასმართლოს ყოფილი მოსამართლე კონსტანტინე ვარძელაშვილი პასუხობს. 

„ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ კითხვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სიამოვნებით მივაწვდი ინფორმაციას კომისიასაც და მის თავმჯდომარესაც,“ - განაცხადა კონსტანტინე ვარძელაშვილმა.  

დღესვე გაიარა გასაუბრება გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, კომისია ძირითადად მისი გამოცდილებითა და ევროპული კონვენციების ცოდნით დაინტერესდა.

„შეკითხვები შეეხებოდა ევროპული კონვენციის გამოყენებას, განსაკუთრებით პრეცედენტული სამართლის დანერგვას საქართველოში. კონკრეტულად იყო საქართველოში განხორციელებულ სამართლებრივ რეფორმებთან დაკავშირებით საუბარი,“ - განაცხადა ლადო ჭანტურიამ.

შეგახსენებთ, კონკურსის მესამე ეტაპი გუშინ დაიწყო. კომისიამ 23 პრეტენდენტიდან 5 უნდა შეარჩიოს. მათგან სამის მონაცემებს კი მთავრობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაუგზავნის.

 

დღის ამბები