უკვე ერთი საათია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია მიმდინარეობს. შეკრებილებს სიტყვით უკვე მიმართეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა.
გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ქვეყნის საგარეო კურსზე და მისწრაფებებზე გაამახვილა. პრეზიდენტის თქმით, ქართული საზოგადოება პოლიტიკოსებისგან ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მეტ დემოკრატიას, მედიისა და სასამართლოს თავისუფლებას ითხოვს.
პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ ვმუშაობთ კონსტიტუციის ახალ ვერსიასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო კონსოლიდირებულს გამოიყვანს ქართულ საზოგადოებას სწორედ იმის ხარჯზე, რომ იქნება ღრმა და ყოვლისმომცველი დიალოგი ერთმანეთთან.
"აუცილებელია შენარჩუნდეს ის მაღალი სტანდარტი მედიის თავისუფლების, რომელიც არის საზოგადოებაში. აუცილებელია, ჩვენ შევქმნათ მართლაც თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო. უმნიშვნელოვანესი, რაც ამ თვალსაზრისით არსებობს, არის ქართული საზოგადოების ძალიან ნათელი შეკვეთა, რომელიც პოლიტიკოსებმა სწორად უნდა აღვიქვათ და "გადავიტანოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ქართული საზოგადოება პოლიტიკოსებს ნათლად უკვეთავს ევროატლანტიკურ არჩევანს, მეტ დემოკრატიას, მედიის მეტ თავისუფლებას, უფრო ხარისხიან სასამართლოს და ყოველივე ეს უმნიშვნელოვანესია, რომ გატარდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.