19 აპრილი 2024,   10:02
ვრცლად
კითხვები შეიძლება გაჩნდეს სტრასბურგშიც - მოსამართლეობის კანდიდატებზე ოპოზიციასა და ხელისუფლებაში განსხვავებულად ფიქრობენ

ევროსასამართლოში წარსადგენ მოსამართლეობის კანდიდატთა 5 კაციან სიას, გამჭვირვალე კონკურსის შედეგად შერჩეულს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პრობლემა სტრასბურგში მოსამართლეობის ქართველი კანდიდატის დამტკიცებაზე ამჯერად აღარ შეიქმნება.

„ჩვენ ვნახეთ ის შემადგენლობა, რომელიც გუშინ გახდა ცნობილია შერჩევის შედეგად. მე ვფიქრობ, რომ იმდენად გამჭვირვალე დემოკრატიული პროცესია, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ არ გვექნება პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოადგინოს საქართველოდან წარგზავნილმა მოსამართლემ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

განსხვავებულია პოზიცია საპარლამენტო ოპოზიციაში. ნაციონალურ მოძრაობაში ხელისუფლების გავლენებზე ამახვილებენ ყურადღებას.

ქართულ ოცნებას, ივანიშვილს სურს, რომ შეარჩიოს ისეთი ტიპის მოსამართლე, რომელიც იქნება მათი ნების აღმსრულებელი და ამით მათ აქვთ მცდელობა, რომ გარკვეულწილად გავლენა მოახდინონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. სტრასბურგის სასამართლო არის ის სასამართლო, რომელიც არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც დღეს იცავს საქართველოს მოქალაქეების უფლებებს,“ - აცხადებს ენმ-ის წევრი აკაკი მინაშვილი.

არასამთავრობო სექტორის მიერ გამოთქმულ შენიშვნებზე საუბრობს ევროპული საქართველო. ზურაბ ჭიაბერაშვილს მიაჩნია, რომ კითხვები ქართველ კანდიდატებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოშიც გაჩნდება.

„ის, რომ დღეს უკვე არასამთავრობო ორგანიზაციები და სამართლის დამოუკიდებელი ექსპერტები კითხვას სვამენ, რა კრიტერიუმებით შეირჩა ის ხუთეული, ეს უკვე ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ეს კითხვები შეიძლება გაჩნდეს სტრასბურგშიც,“ - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დღის ამბები