20 აპრილი 2024,   00:20
ვრცლად
გაქვთ პროგრესი რეფორმების კუთხით, თუმცა ნატოში გაწევრიანება სწრაფად არ ხდება და ამას დრო სჭირდება - პაოლო ალი

გაქვთ პროგრესი რეფორმების კუთხით, თუმცა ნატოში გაწევრიანება სწრაფად არ ხდება და ამას დრო სჭირდება - ეს განცხადება, ნატოს საპარლამენტოს ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ, უკრაინის რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ალიმ საქართველოს ნატოს ურთიერთობებზე ისაუბრა. პაოლო ალის თქმით,  ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მთავარი გზავნილი ქართველი ხალხისადმი არის ის, რომ ასამბლეა ხელს უწყობს ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას.

პაოლო ალიმ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთის ქმედებებზეც გაამახვილა ყურადღება.

„ვიმყოფებოდი საოკუპაციო ხაზთან და ადგილზე გავეცანი იქ არსებულ ვითარებას. ადგილზე ვნახე დონბასში არსებული ვითარება და იქ მიღებული შთაბეჭდილებები არ დამავიწყდება. ჩვენ მივდივართ ადგილზე იმიტომ, რომ ვითარებას ადგილზე უკეთ გავეცნოთ. მთავარი გზავნილი ამ შემთხვევაში ქართველი ხალხის მიმართ არის, რომ ხელს ვუწყობთ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას. გაქვთ პროგრესი რეფორმების კუთხით, თუმცა ნატოში გაწევრიანება სწრაფად არ ხდება და ამას დრო სჭირდება,“ - განაცხადა პაოლო ალიმ.

განცხადება გააკეთა უკრაინის რადას თავმჯდომარემაც. ანდრიი პარუბის თქმით, რუსეთს სურს საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილსა და არჩევანს ვეტო დაადოს.

„რუსეთის ფედერაცია ცდილობს უკრაინასა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს ხელი შეუშალოს. არც ერთ ქვეყანას იმის უფლება არ აქვს, რომ რომელიმე სუვერენული ქვეყნის არჩევანს ვეტო დაადოს. ალიანსის გადაწყვეტილება არსებობს, რომ უკრაინა და საქართველო იქნებიან ნატოს წევრი ქვეყნები, ჩვენ ევროპული ოჯახის ნაწილი ვართ და ამ დიდ ოჯახში დასაბრუნებლად ვიბრძვით. გპირდებით სტანდარტებს არ გადავუხვევთ და ვეტოს ამ საკითხზე რუსეთის ფედერაციას არ დავადებინებთ,“ - აცხადებს უკრაინის რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბი.

დღის ამბები