25 აპრილი 2024,   11:33
ვრცლად
სასამართლო სისტემის რეფორმები ჩაფლავდა - გიორგი ტუღუში

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ტუღუში, სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი დღეს საია-ს და საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ დაგეგმილ, უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციაზე იყო მიწვეული, რომელიც არასამთავრობოთა გადაწყვეტილებით აღარ შედგა.

გიორგი ტუღუში სამოქალაქო სექტორის მიერ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. მისი თქმით, დღეს სასამართლო სისტემა ღრმა კრიზისშია შესული. უმცირესობის დეპუტატი ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში დაგეგმილი რეფორმები „ჩაფლავდა“.

„გამოსავალი ამ სიტუაციიდან რა თქმა უნდა, არის რთულად მოსაძებნი, მაგრამ, დღესაც კიდევ ერთხელ გაისმა, რომ რეფორმები ამ სფეროში ჩაფლავდა და რეალური შედეგი ვერ გამოიღო. ანუ ჩვენ რეალურად ვიღებთ იმას, რომ დონორები ხარჯავენ ძალიან ბევრ თანხებს, ვიღებთ ახალ კანონებს და შედეგად ვითარება სასამართლო ხელისუფლებაში არა თუ უმჯობესდება, არამედ ღრმა კრიზისში ვართ შესული და ამას ცხადყოფს ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, ოდიოზური დანიშვნები,“ - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების გამო დღეს ახალგაზრდა იურისტებმა და საერთაშორისო გამჭვირვალობამ საბჭოს მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია ერთობლივი გადაწყვეტილებით ჩაშალეს.

მათი განმარტებით, საბჭო მონიტორინგის შედეგებს არასერიოზულად აღიქვამს და შენიშვნებს არ ითვალსიწინებს. პროტესტის ბოლო მიზეზი კი, სამოქალაქო სექტორისთვის საბჭოს ის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე დაინიშნა.

არასამთავრობოები შემდგომი რეაგირებისთვის უკვე პარლამენტს მიმართავენ.

დღის ამბები