25 აპრილი 2024,   20:39
ვრცლად
ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" რეზოლუციაში რუსეთის ქმედებების მკაცრად დაგმობისკენ მოუწოდებს

საპარლამენტო უმცირესობა მმართველი გუნდის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებისა და საქართველოს სამშვიდო პოლიტიკის თაობაზე რეზოლუციის მიღების აუცილებლობას ხაზს უსვამენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ქართულ ოცნებას მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის დაბლოკვის გამოც აკრიტიკებენ.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ უმრავლესობის მიერ შეთავაზებული რეზოლუცია უფრო რბილი ტონის იყოს.

„ჩვენ ვშიშობთ, რომ ამათი რეზოლუცია იქნება უფრო შერბილებული, ტრადიციულად და ამან შეიძლება, არ ითამაშოს დადებითი როლი და ეს ამავე დროს, ცუდი სიგნალი იყოს, არა მარტო რუსეთისადმი, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისადმი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე მმართველ გუნდს ოპოზიციის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის დაბლოკვის გამო აკრიტიკებს.

„მიმაჩნია, რომ იყო არასწორი ნაბიჯი უმრავლესობის მხრიდან, რომ დაბლოკეს ჩვენი ინიცირებული რეზოლუცია, მარტო იმიტომ, რომ ეს წამოვიდა ოპოზიციის მხრიდან. ეს იყო ჩემი აზრით, უპასუხისმგებლო ნაბიჯი. განსხვავებით მათგან, ჩვენ ყურადღებით შევისწავლეთ, ვნახავთ რა შეიძლება დაემატოს, მაგრამ ერთი შეხედვით, ეს ორი პროექტი ძალიან ჰგავს ერთმანეთს,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

უმრავლესობის მიერ შემუშავებული 4 გვერდიანი რეზოლუცია ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა, რომელიც 3 ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში დაგმობილია რუსეთის ქმდებები ოკუპირებულ რეგიონებში, მეორე და მესამე ნაწილში კი, მოწოდებებია მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, რათა უფრო გააქტიურდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები