18 ივლისი 2019,   03:28
ვრცლად
ოპოზიცია არასამთავრობო სექტორის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ემხრობა

„სასამართლო რეფორმა ჩავარდა, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც ამ რეფორმის ერთერთი ცენტრი უნდა ყოფილიყო, თავის მმართველობას კლანური პრინციპით ახორციელებს,“ - ასე სამოქალაქო სექტორი სასამართლო რეფორმას აფასებს.

არასამთავრობოები რეაგირებისთვის პარლამენტს მიმართავენ და სამუშაო ჯგუფის შემქნას ითხოვენ. შეფასებებიც და ინიციატივა ოპოზიციისთვის მისაღებია.

„მოლოდინი, რომ პარლამენტში საღი აზრი გაიმარჯვებს და პოლიტიკოსებს ექნებათ იმის პასუხისმგებლობა, რომ რეალური გადაწყვეტილებები მიიღონ სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ასეთი მოლოდინი არ არსებობს,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი, ირაკლი აბესაძე, ფიქრობს, რომ სასამართლო რეფორმით მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობა აუცილებლად უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

„მოსამართლეების მიმართ უნდა შეწყდეს ხელისუფლების მხრიდან დაშინება, სახვადასხვა პროვოკაცია, მოსყიდვა, უნდა მიეცეთ მათ საშუალება კანონის შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია, არასამთავრობო სექტორის გადაწყვეტილებას მისალმება, რადგან ხელისუფლება მათ ანგარიშებს იგნორირებას უკეთებს.

„იყოს ისეთი განცხადება გასაკეთებელი, სწორედ საჯაროდ, უცხოელების თანდასწრებით, რომელიც შოკში ჩააგდებდა ხელისუფლებასაც და უცხოელებს,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე, შალვა შვაგულიძე, კი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში მდგომარეობა აუცილებლად გამოსასწორებელია.

„სხვა შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ არ გვექნება მშვიდობა ქვეყანაში, ვერ შევდგებით სახელმწიფოდ, ვერ შევდგებით საზოგადოებად, თუ არ იქნა სამართალი სახელმწიფოში,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ხელი უნდა აიღოს სურვილზე, რომ „ჰყავდეს კონტროლირებადი სასამართლო“.

დღის ამბები