22 სექტემბერი 2019,   06:35
ვრცლად
ხმაური საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე თბილისში - კამათის საგანი ბიძინა ივანიშვილი გახდა

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვების ფარგლებში პოლიტიკოსები დღეს ბოლო შეხვედრებს მართავენ. ამ წუთებში თბილისში ორი პარალელური შეხვედრა იმართება.

ხმაურისა და შეძახილების ფონზე მიმდინარეობს განხილვა ისან-სამგორის რაიონში. შეხვედრაზე ევროპული საქართველოს ლიდერის, ელენე ხოშტარიას, გამოსვლას შეძახილები და ხმაური მოჰყვა, როდესაც ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, პოლიტიკურ გავლენასა და მის ჰობიზე - ხეების გადატანაზე გაამახვილა ყურადღება.

„არ შეიძლება, რომ ბიძინა ივანიშვილს იყოს დამორჩილებული მთელი პარლამენტი, მთელი სასამართლო და ყველა პოლიტიკოსი. არ შეიძლება,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, ანრი ოხანაშვილმა, კი ყურადღება მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისებაზე გაამახვილა.

„დღეს კონსტიტუციაში იწერება ის, რაც აქამდე კონსტიტუციაში არ იყო დაფიქსირებული. ჩვენ  ვწერთ კონსტიტუციაში იმას, რომ მიწა, ეს არის განსაკუთრებული რესურსი, რომლის დაცვაც უნდა დარეგულირდეს ორგანული კანონით,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეხვედრა პარალელეურ რეჟიმში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მიმდინარეობს, რომელსაც ოპოზიცია არ ესწრება და სადაც განხილვის მთავარი თემა, ასევე მიწის გასხვისება, საარჩევნო სისტემა და პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხია.

„ყველანაირი საფრთხეები რომ აღვკვეთოთ, საჭიროა ორგანული კანონი, რომელიც დაარეგულირებს და საერთაშორისო პრინციპებს არ დაუპირისპირდება,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, გიორგი ვოლსკიმ.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს საპარლამენტო მდივანმა, ლიკა საჯაიამ, ყურადღება პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე გაამახვილა. მისი განცხადებით, ქვეყნის მთავარსარდალი ზეპარტიული უნდა იყოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები