25 აპრილი 2024,   13:45
ვრცლად
ჯუგაანში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი სოციალური მომსახურეობის სააგენტოს წინააღმდეგ

სოფელ ჯუგაანში მცხოვრები კიკილაშვილები სოციალური მომსახურეობის სააგენტოს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ. სოციალურად დაუცველი ოჯახი შეფასების იმ სისტემის გადახედვას ითხოვს, რომლის გამოც სახელმწიფოს დახმარების გარეშე დარჩა. კიკილაშვილების ერთადერთი შემოსავალი 180 ლარიანი პენსიაა, რომელიც ძირითადად მედიკამენტებზე იხარჯება.

სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში, კიკილაშვილის სამსულიანი ოჯახი თავს მხოლოდ პენსიით ირჩენს. სოციალური აგენტის მიერ ერთ-ერთი ბოლო შემოწმების შემდეგ, ოჯახს სოციალური დახმარება ჯერ გაუნახევრეს, შემდეგ კი მოუხსნეს. კიკილაშვილები არ გამორიცხავენ, რომ გადაწყვეტილება შესაძლოა, პოლიტიკური ნიშნით მიიღეს.

სოფელ ჯუგაანში ამბობენ, რომ ეს ოჯახი სოფელში ერთ-ერთია, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება, ამ ფონზე კი, სოციალური დახმარების მოხსნა მათთვის გაუგებარია.

კიკილაშვილებმა სიღნაღის გამგეობასაც მიმართეს, თუმცა ადგილობრივმა მთავრობამ მათთვის არც ერთჯერადი დახმარება გამოყო. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში პოლიტიკურ მოტივებს უარყოფენ და იმ მიზეზებზე საუბრობენ, რის გამოც ოჯახი უკვე რამდენიმე თვეა დახმარებას ვეღარ იღებს.

 

ავტორი: ია გულიაშვილი.

დღის ამბები