22 ივნისი 2018,   20:34
ვრცლად
3 ოპოზიციური პარტია სასამართლო სისტემაში შექმნილი მძიმე ვითარების შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის, თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკური პარტია სასამართლო სისტემაში შექმნილი მძიმე ვითარების შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს.

ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ხელისუფლება სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებს. განცხადებაში პარტიები მოითხოვენ, რომ შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნა, სასამართლოს ჩამოშორდეს ყველა ის პირი, რომელსაც არ გააჩნია საზოგადოების ნდობა და ასევე შეიქმნას სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც მოამზადებს სასამართლოს უკეთ ფუნქციონირებისთვის საჭირო რეფორმას.

რუსთავი2 განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ხელის მომწერი პოლიტიკური პარტიები ვეხმიანებით სასამართლო სისტემაში შექმნილ საგანგაშო მდგომარეობას. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ვერც ერთ ეტაპზე ვერ მოხერხდა ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება. მიუხედავად იმისა, რომ 2004 წლის შემდეგ მოხდა სასამართლოს კორუფციისგან გათავისუფლება, მისი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და კანონმდებლობის დახვეწა, მოუგვარებელ პრობლემად დარჩა სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და მთელ სისტემაზე აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენის აღმოფხვრა. ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამ გააჩინა სასამართლო სისტემაში არსებული ძირეული პრობლემების მოგვარების შანსი, თუმცა საზოგადოების მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ქართულმა ოცნებამ საკუთარ თავზე მოირგო ყველა ის მანკიერება, რაც სისტემაში არსებობდა და საკუთარ საყრდენად აქცია სასამართლოს სწორედ ის წარმომადგენლები, რომლებიც წარსულში ხელისუფლების მიმართ უპირობო ლოიალობით გამოირჩეოდნენ. ასევე, სწორედ ამ პირთა აქტიური მონაწილეობით განახორციელა პოლიტიკურ ოპონენტთა დევნა და თავისუფალ მედიაზე შეტევა. სასამართლოში არსებულ მძიმე ვითარებას ცხადად ადასტურებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლოდროინდელი უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლითაც შეჩერდა საქართველოს უზენასი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების აღსრულება რუსთავი 2-ის საქმეზე. პარლამენტის მიერ ბოლო პერიოდში მიღებულმა, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულმა კანონებმა ვერ შეცვალა არსებული რეალობა და სასამართლო ხელისუფლება კვლავ რჩება ძლიერი კლანური გავლენების ქვეშ. ამას ცხადყოფს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენები, სადაც სრულიად გაუმჭვირვალე პროცედურებით ხდება თანამდებობების გადანაწილება და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, მათ შორის იმ პირების, რომლებიც სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის დასაყრდენს წარმოადგენენ სასამართლო სისტემაზე კონტროლის განსახორციელებლად. შემაშფოთებელია სასამართლო ხელისუფლებაში კორუფციის დაბრუნების შესახებ გავრცელებული ცნობები, რომელთა დიდი ნაწილი, სწორედ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ბიზნეს დავებს შეეხება.

ასევე ხაზგასასმელია, რომ ქართულმა ოცნებამ სხვადასხვა გზებით მოახდინა საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზება და მისი დამოუკიდებლობის მორღვევა, ხოლო იმ პირებს, რომლებიც ამ პროცესში გამოიყენა, „დამსახურებისათვის“ მაღალი თანამდებობები უბოძა.

მიუხედავად იმისა რომ ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლის გარეშე შექმნილი მძიმე ვითარების არსებითად გამოსწორება რთულად მისაღწევია, ამ ეტაპზე აუცილებელია:

• დროებით, მაგრამ დაუყოვნებლად შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნები;

• სასამართლო ხელისუფლებას ჩამოშორდეს ყველა ის პირი, რომელსაც არ გააჩნია საზოგადოების ნდობა და მიიჩნევიან ხელისუფლების საყრდენად სასამართლო სისტემაზე კონტროლის განხორციელებისთვის, რისთვისაც ამ ადამიანებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ წარსულზე და მისცენ ქართულ სასამართლოს გაჯანსაღების, დამოუკიდებლად განვითარების და გაძლიერების შესაძლებლობა;

• ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიების, არასამთავროებისა და ექსპერტების მონაწილეობით შეიქმნას სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც მოამზადებს არსებით რეფორმას, რათა განვითარდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა,“ - აღნიშნულია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში.

დღის ამბები