25 აპრილი 2024,   20:16
ვრცლად
რუსული ჰუმანიტარული მისია საქართველოში - ოპოზიცია მთავრობას კრემლის რბილი ძალის წახალისებაში ადანაშაულებს

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობას რუსული ჰუმანიტარული მისიის საქართველოში შემოსვლასთან არანაირი კავშირი არ აქვს. საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, განმარტავს, რომ ეს ინფორმაცია მედიის საშუალებით მიიღო.

„არანაირი თანამშრომლობა, არანაირი კავშირი საქართველოს მთავრობას ამ განცხადებასთან დაკავშირებითაც კი არ აქვს,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ოპოზიცია რუსეთის მხრიდან რბილი ძალის გამოყენებაზე საუბრობს და საქართველოს მთავრობას ამ ძალის წინააღმდეგ უმოქმედობაში ადანაშაულებს.

„ამის შედეგად ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკურ გავლენა ჩვენს ქვეყანაში გაძლიერდა და მსგავსი ჰუმანიტარული ე.წ. მისიების განხორციელება არის სწორედ ერთ-ერთი იარაღი ამ რბილი ძალის სტრატეგიაში,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, გიგა ბოკერია, კი აცხადებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის გავლენების გაფართოებას ხელი შეუშალოს და პირიქით, მას მხარსაც კი უჭერს.

„არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ ფონზე რუსეთის მხრიდან ფართოვდება მცდელობა ამ ტიპის, ვითომ ჰუმანიტარული საფარქვეშ მეტი აქტიურობის, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში მათ არათუ წინააღმდეგობა არ ხვდებათ ხელისუფლებისგან, არამედ წახალისებას აქვს ადგილი,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები