24 აპრილი 2024,   17:12
ვრცლად
თავდასხმა როსტომაშვილზე - დაკავებულის ადვოკატი ამ წუთებში აღკვეთის ღონისძიებას ასაჩივრებს

აღკვეთის ღონისძიებას ასაჩივრებს ამ წუთებში მსახიობსა და პოლიციის პოლკოვნიკ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული ზურაბ ქუთელიას ადვოკატი. ზურაბ ქუთელიას ინტერესების დამცველის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, წინასწარ პატიმრობაში მყოფ ზურაბ ქუთელიას ყაჩაღობის ფაქტთან შემხებლობა არ აქვს

„არანაირ შემხებლობაში არ არის. მხოლოდ და მხოლოდ, შემხებლობას თუ დავარქმევთ იმას, რომ მის უბნელებს ედავებიან ანალოგიურად, რომ მათ ბატონ როსტომაშვილს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ეს თუ შემხებლობაა, მაშინ, ჩვენ ვიცნობთ ამ ადამიანებს და შესაბამისად, სხვა დანარჩენი, რომ ან იქ ვყოფილიყავით, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული ვყოფილიყავით, ან რაიმე მოტივი გვამოძრავებდეს ბატონ როსტომაშვილთან, აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს და იმედი გვაქვს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახე შეეცვლება და არ დარჩება პატიმრობაში,“ - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

ზურაბ ქუთელიას უფლებადამცველი, მისი დაკავების შესახებ საკუთარ ვერსიებს აჟღერებს და აცხადებს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ქუთელია დააკავეს, არის ის, რომ სამართალდამცველებმა დავით როსტომაშვილზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ადგილზე დააკავეს ერთ-ერთი პირი ბექა კირვალიძე, თუმცა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანის დროს, ის პოლიციას გაექცა. ადვოკატის განცხადებით, იმისთვის რომ პოლიციას საქმე გახსნილად გამოეცხადებინა, ამ მიზეზით მოხდა ზურაბ ქუთელიას დაკავება.

„იმიტომ დააკავეს, რომ გაექცათ კირვალიძე. ეს არის ჩემი პოზიცია და იმ საქმის მასალებითაც მეუფლება განცდა, რომ ვიღაცა უნდა დაეკავებინათ და ამ შემთხვევაში ვიღაცა აღმოჩნდა უდანაშაულო ადამიანი,“ - ამბობს ადვოკატი.

დღის ამბები