20 აპრილი 2024,   01:00
ვრცლად
პორტუგალიაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან - ქვეყანას სტიქიასთან საბრძოლველად ტექნიკა აღარ ჰყოფნის

მეორე დღეა პორტუგალია 1966 წლის შემდეგ ტყის ყველაზე მასშტაბურ ხანძრებს ებრძვის. მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. მათ დასახმარებლად დაზარალებულ რაიონებში სამხედროებიც გაგზავნეს.

სტიქიას, რომელიც ლისაბონიდან 200 კილომეტრის დაშორებით ლეირიას ოლქში მძვინვარებს, ბოლო ათწლეულების ისტორიაში ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალურად უკვე დადასტურებულია, რომ ხანძრის შედეგად 62 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 60 კი დაშავდა.

პოლიციის ერთ-ერთი ვერსიით, ტყის ხანძრების გამომწვევი მიზეზი მეხი გახდა, რომელიც ხეს დაეცა. ძლიერი ქარის გამო კი ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და დასახლებულ პუნქტებსაც მოედო. სამაშველო სამუშაოებს გაუსაძლისი სიცხეც აფერხებს.

დატრიალებული ტრაგედიის გამო პორტუგალიელ ხალხს და ქვეყნის ხელისუფლებას მსოფლიო ლიდერები უსამძიმრებენ.

სტიქიასთან ბრძოლაში პორტუგალიას დახმარება უკვე შესთავაზეს ევროკავშირმა და მეზობელმა ქვეყნებმა. ესპანეთი, გერმანია და საფრანგეთი სტიქიის ზონაში თვითმფრინავებსა და სხვა საჭირო ტექნიკას აგზავნიან. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად პორტუგალიაში სამდღიანი საყოველთაო გლოვა გამოცხადდა.

ფოტორეპორტაჟის სანახავად გადადით ბმულზე. 

დღის ამბები