25 აპრილი 2024,   18:50
ვრცლად
„ეს არის უბრალოდ გაქცევა," - არჩილ თალაკვაძე ირაკლი კობახიძის შეთავაზებაზე პრეზიდენტის პასუხს აფასებს

„ეს არის უბრალოდ გაქცევა ამ ფორმატიდან, გაქცევა იმისგან, რომ საზოგადოებას აუხსნას პრეზიდენტმა საკუთარი არგუმენტები,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ, კონსტიტუციის პროექტის ფართო ჩართულობით განხილვასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის, ადმინისტრაციის მხრიდან გაკეთებულ შემოთავაზებაზე საუბრისას გააკეთა.

მისი აზრით, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეთავაზებას, კონსტიტუციის პროექტის პირისპირ ღია ეთერში განხილვის თაობაზე, უნდა დათანხმებოდა.

„მას სურს, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან დააპირისპიროს არა საკუთარი არგუმენტები, არამედ ოპოზიციური პარტიები და ის ადამიანები, რომელთაც რეალური არგუმენტები აღარ დარჩათ ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

"ქართული ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული ვარიანტი ვერ უზრუნველჰყობს საზოგადოების ჩართულობას და მათთვის მიუღებელია კონსტიტუციის პროექტზე ადმინისტრაციაში მსჯელობა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შესთავაზა, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია ეთერში  ემსჯელათ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ.

შეთავაზებას უპასუხეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სადაც განაცხადეს, რომ გიორგი მარგველაშვილი დათანხმდა საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარის შეთავაზებას. იქვე განაცხადეს, რომ განხილვა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველო პრემიერ-მინისტრი, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები და ბიზნეს ასოციაციები.

ამის საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ პრეზიდენტი არ არის მოწოდებული, ხელი შეუწყოს კონსესუსის ჩამოყალიბებას.

 

დღის ამბები