25 აპრილი 2024,   07:37
ვრცლად
ირაკლი კობახიძის შეთავაზება პრეზიდენტს და განცხადებები ოპოზიციაში

ირაკლი კობახიძის შეთავაზებას, საკონსტიტუციო ცვლილების პირდაპირ ეთერში განხილვასთან დაკავშირებით და მასზე გაკეთებულ განცხადებებს, გამოხმაურება მოყვა ოპოზიციაში. უმცირესობაში დადებითად აფასებენ, რომ პრეზიდენტი მზად არის საჯარო დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობა და ამბობენ, რომ ფორმატს და ადგილს მნიშვნელობა არ აქვს.

პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი კი საკონსტიტუციო ცვლილებების პირდაპირ ეთერში განხილვის ფორმატზე ვერ თანხმდებიან.

„მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ტიპის დებატი, შეხვედრა პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა თუ პოლიტიკურ პარტიებს შორის, სადაც საჯაროდ მოხდება კონსტიტუციის პრინციპების განხილვა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რაც დავინახეთ და გამოცდილებამ გვიჩვენა, ყველა, უკვე ჩატარებული განხილვა, მიზნად ისახავდა მხოლოდ "ქართული ოცნების" მხრიდან კონსტიტუციაში დაჟინებით მცდელობას, ასახონ ხელოვნური შესაძლებლობა შეინარჩუნონ ხელისუფლება ამომრჩევლის რეალური მხარდაჭერის გარეშე,“- განაცხადა ფრაქცია ”მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს” წევრმა ირაკლი აბესაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, პრეზიდენტისადმი გაკეთებულ შეთავაზებაზე განცხადება გააკეთა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნიკა რურუამ. მისი განცხადებით, სად გაიმართება დისკუსია, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

„დისკუსია სად მოხდება, პრეზიდენტსა და სპიკერ კობახიძეს შორის, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას," რომ შეეშვას ინფანტილურობას, დაანებოს თავი ახირებულობას და იქ, სადაც ხალხის მიერ პირდაპირ არჩეული საქართველოს პრეზიდენტი დაპატიჟებს მათ, მოიმარაგონ თავისი არგუმენტები, თუ ასეთები გააჩნიათ და მიბრძანდნენ,“ - აცხადებს რურუა.

დღის ამბები