19 აპრილი 2024,   00:48
ვრცლად
აფგან მუხთარლის გაუჩინარების დღე - სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და ვიდეომასალის საეჭვო გარემოებები

"პოსტსკრიპტუმმა" იმ მარშრუტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნაწილი მოიპოვა, რომლითაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი მისი გაუჩინარების დღეს გადაადგილდებოდა.

პოსტსკიპტუმიაფგან მუხთარლის მიერ 29 მაისს 19:00 საათიდან გავლილ მარშრუტს მიჰყვა. ბევრმა დაწესებულებამ კამერების ჩანაწერების ჩვენებაზე უარი განაცხადა, თუმცა აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც გადამღები ჯგუფი თავის ტერიტორიაზე შეუშვეს.

ერთ-ერთი დაწესებულების ჩანაწერებში, რომლებზეც, აფგან მუხთარლის მიერ აღწერილი ფაქტები უნდა ყოფილიყო ასახული, ჩანს, რომ 19:09 საათიდან დრო 19:05-ზე გადადის და სრულიად განსხვავებული კადრით იცვლება. კონფიდენციალური ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ჟურნალისტის გადაადგილების ამსახველი კადრები ვიღაცამ განგებ ჩაანაცვლა. კონფიდენციალური წყარო ერთ-ერთი დაწესებულების ვიდეოდან მთელი კვირის მასალის გაქრობაზეც საუბრობს.

პოსტსკრიპტუმმა“ კიდევ ერთი ჩანაწერი მოიპოვა, რომელზეც, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მონაყოლის მიხედვით, ის მანქანა უნდა გამოჩენილიყო, რომლიდანაც, აფგან მუხთარლის თქმით, მისი გამტაცებლები გადმოვიდნენ. გადამღებ ჯგუფს მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის თანამშრომლებმა შეაწყვეტინეს და ჩამწერ მოწყობილობას ლეპტოპი შეუერთეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტის შემდეგ, ობიექტის მფლობელებმა ჩანაწერების ნახვის საშუალება „პოსტსკრიპტუმს" არ მისცეს.

პოსტსკრიპტუმმა“ კიდევ რამდენიმე ისეთი ადგილის მოძებნა შეძლო, საიდანაც, სამართალდამცველების ვიზიტის შემდეგ, ჩანაწერები გაქრა, თუმცა ამ ჩანაწერების აღდგენის სამუშაოებზე "ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელის" წევრები და ექსპერტთა ჯგუფი უკვე მუშაობენ.

გამოაქვეყნებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანელი მუხთარლის გაუჩინარების დღის ვიდეომასალას, უცნობია. ცნობილი კი ის არის, რომ სამართალდამცველებმა ჟურნალისტის მიერ დასახელებული მარშრუტის მიმდებარედ მდებარე ვიდეოკამერების ჩანაწერების ნაწილი უკვე ამოიღეს.

ავტორი: ლაშა კვესელაძე.

დღის ამბები