18 აპრილი 2024,   12:32
ვრცლად
"პროკურორ მესტვირიშვილს ვპირდებით სიურპრიზს"- დღეს ელისო კილაძის შვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

საქალაქო სასამართლოში დღეს, გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის შვილის საქმეზე არსებითი განხილვა გაგრძელდება. სასამართლო პროცესზე ის ორი პოლიციელი დაიკითხება, რომლებიც დაკავების ოქმში ფიგურირებენ.

უკვე დაკმაყოფილებულია დაცვის მხარის შუამდგომლობა იმ 5 პოლიციელის დაკითხვის შესახებ, რომლებიც ადვოკატების მტკიცებიც, დავით ხარშილაძის დაკავების ოპერაციას ესწრებოდნენ.

დღესვე ადვოკატები მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავენ, მიეწოდოთ დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუ სად იმყოფებოდა დაკავების დროს პროკურორი დავით მესტვირიშვილი და შეეძლო თუ არა მას ელექტრონულად გაეცა ნებართვა ოპერაციაში სხვა სამართალდამცველების ჩართვის შესახებ.

ელისო კილაძის ინფორმაციით, პროკურორი მესტვირიშვილი დავით ხარშილაძის დაკავებისას სასამართლოს პროცესებს ესწრებოდა, შესაბამისად, როგორც ჟურნალისტი ამბობს, ის ელექტრონულ ნებართვას ვერ გასცემდა.

„არანაირი დოკუმენტი არ არსებობს იმისა, რომ შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი და განაწილებული იყო ფუნქციები. უბრალოდ ყველა ამბობს იმას, რომ პროკურორმა ელექტრონულად დაამატა კონკრეტული პირი ამ გამოძიებას. საქმის პროკურორს, ბატონ დავით მესტვირიშვილს ჩვენ ვპირდებით სიურპრიზს იმიტომ, რომ ისიც იტყუება. 13 მარტს, ჩემი შვილის დაკავების დღეს, მე მაქვს ინფორმაცია, რომ დავით მესტვირიშვილი მთელი დღის განმავლობაში სასამართლო პროცესებზე იმყოფებოდა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე და ის საერთოდ არ იყო პროკურატურაში. ანუ, ის არ იყო საქმის კურსში იმ სპეცოპერაციაზე, რომელსაც ახლა ასე დაბეჯითებით აპრავებს,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

დღის ამბები