20 აპრილი 2024,   03:25
ვრცლად
"პრეზიდენტი შევიდა ჩიხში" - პარლამენტის თავმჯდომარე მარგველაშვილს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჩიხში შევიდა. აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

კობახიძემ საკუთარი შეთავაზება კიდევ ერთხელ განმარტა და თქვა, რომ მან პრეზიდენტს არა დებატები, არამედ საკონსტიტუციო ცვლილებების ღია ეთერის მეშვეობით, საზოგადოებისთვის გაცნობა შესთავაზა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ღია ეთერში მსჯელობაზე გიორგი მარგველაშვილის უარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის პოზიციები არის ძალიან სუსტი.

„ჩვენ პრეზიდენტისთვის დებატები არ შეგვითავაზებია, ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ ერთად დავმსხდარიყავით საზოგადოების წინაშე, ღია ეთერში, საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე და საზოგადოების წინაშე ერთად გვესაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებების არსის თაობაზე. ეს იყო ჩვენი შეთავაზება და კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა ჩვენი მწუხარება იმის გამო, რომ პრეზიდენტმა ეს შეთავაზება არ მიიღო. ეს ცხადყოფს იმას, რომ ჩვენი პოზიციები კიდევ ერთხელ არის ძალიან მყარი და პრეზიდენტის პოზიციები არის ძალიან სუსტი," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო განხილვების დაწყებისთანავე არასწორი გზა აირჩია. 

"პრეზიდენტმა თავიდანვე აირჩია ძალიან არასწორი გზა. ეს იყო კომისიასთან, საქართველოს პარლამენტთან დაპირისპირების გზა და მას შემდეგ, რაც დადასტურდა ამ რეფორმის წარმატება, ბუნებრივია, პრეზიდენტი შევიდა ჩიხში და ამის შედეგია ის, რომ მან სამწუხაროდ უარი თქვა ჩვენს შეთავაზებაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, რომ ამ ფორმატში მივიღოთ მონაწილეობა,“ - განაცხადა კობახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები