12 დეკემბერი 2017,   02:52
ვრცლად
საცობი თბილისში და პიკის საათის დროს პარალიზებული მოძრაობა - მერიაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ

თბილისელებისთვის ორშაბათი პრობლემებით დაიწყო. პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის გამო დილიდან სატრანსპორტო საცობები იყო მიმდებარე ქუჩებზე. პიკის საათის დროს პეკინის მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. ამ დროისთვის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.

მერიამ არსებულ გეგმაში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვით, პეკინის გამზირის მიმდებარედ მოძრაობა უნდა განიმუხტოს, კერძოდ, შარტავა - კანდელაკის მიმართულებით, სააკაძიდან საბურთალოს ქუჩის მიმართულებით მოძრაობა გახდა დასაშვები ცალმხრივად. ასევე ჩაირთო შუქნიშნები.

მოქალაქეების თქმით, მათ გადაადგილების სერიოზული პრობლემები შეექმნათ და დედაქალაქის მერიას სთხოვენ, რომ გადაადგილების ალტერნატიულ გეგმაზე დაიწყოს მუშაობა.

მოსახლეობის პოზიციას არ იზიარებენ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში. სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის თქმით, კოლაფსს ელოდებოდნენ, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. მისი თქმით, მერიაში ზარებიც კი შევიდა, რომ თბილისში გადაადგილება მარტივია. მამუკა მუმლაძის განცხადებით, დაახლოებით, ერთ თვეში პეკინის გამზირზე გადაადგილება შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს.

"დღეს ძალიან ბევრი ზარი იყო, სამსახურამდე უფრო სწრაფად მივედით, ვიდრე მივდიოდით, თავისუფალია. ველოდებოდით კოლაფსს, მაგრამ კოლაფსი არ არის,“ - განაცხადა მუმლაძემ.

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ”ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორის, ვასო ურუშაძის აზრით, ალტერნატიულ გზებთან დაკავშირებით აუცილებელი იყო კვლევა ჩატარებულიყო, რაც თბილისის მერიას არ გაუკეთებია.

„დავინახეთ, რომ პიკის საათში მოძრაობა პარალიზებული იყო, რაც ნიშნავს, რომ თბილისის მერიაში არ მომხდარა გაანგარიშების და ე.წ. კვლევის ჩატარება, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. თუ გამოჩნდებოდა, რომ ალტერნატიულ გზებს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გაატაროს აღნიშნული სატრანსპორტო ნაკადი, მაშინ უნდა მომხდარიყო რეაბილიტაცია პეკინის გამზირის არა ამ ფორმით, არამედ ჭადრაკული პრინციპით,“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

 

დღის ამბები