აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმესთან დაკავშირებით, გადაცემა P.S.-ის მიერ მოპოვებულ ვიდეო მასალას და ოპოზიციის მოთხოვნას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ეხმაურება.
მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ჟურნალისტის საქმის გამოძიება განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოხდეს.
მმართველი გუნდის დეპუტატი საქმის ძიებისას არც სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელების კონტროლს გამორიცხავს, თუმცა არსებულ ვითარებაში პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას პოპულისტურს უწოდებს.
„სამართალდამცავებს აქვთ განსაკუთრებული ვალდებულება, განსაკუთრებული ობიექტურობით და კონტროლზე აყვანით თუნდაც, თანამდებობის პირების მხრიდან, სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელ პირებზე მაქვს საუბარი, ყურადღებით განიხილონ, გამოიძიონ ეს საქმე. საგამოძიებო ორგანოების ნამოქმედარზე თუ კონკრეტული კითხვის ნიშნები გაჩნდება და ეს შედეგზეა დამოკიდებული, ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა კომისიების შესახებ. წინასწარ საგამოძიებო კომისიების შექმნა არის მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმი და ამის მოთხოვნა განსაკუთრებით,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ "პოსტსკრიპტუმმა" იმ მარშრუტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნაწილი მოიპოვა, რომლითაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი მისი გაუჩინარების დღეს გადაადგილდებოდა.
ერთ-ერთი დაწესებულების ჩანაწერებში, რომლებზეც, აფგან მუხთარლის მიერ აღწერილი ფაქტები უნდა ყოფილიყო ასახული, ჩანს, რომ 19:09 საათიდან დრო 19:05-ზე გადადის და სრულიად განსხვავებული კადრით იცვლება. კონფიდენციალური ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ჟურნალისტის გადაადგილების ამსახველი კადრები ვიღაცამ განგებ ჩაანაცვლა. კონფიდენციალური წყარო ერთ-ერთი დაწესებულების ვიდეოდან მთელი კვირის მასალის გაქრობაზეც საუბრობს.