20 აპრილი 2024,   07:06
ვრცლად
აფგან მუხთარლის საქმე და წაშლილი ვიდეო კადრები - ოპოზიცია შს მინისტრის გადადგომას ითხოვს 

საპარლამენტო ოპოზიცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმესთან დაკავშირებით, გადაცემა P.S.-ის მიერ მოპოვებულ ვიდეო მასალას ეხმაურება, რომელიც აფგან მუხთარლის გადაადგილებას უნდა ასახავდეს და სადაც სავარაუდოდ, ვითარების შეცვლის მიზნით კადრები დამონტაჟებულია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მტკიცებულებების გაყალბებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებენ.

პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ მომხდარის გამო შს მინისტრი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.

„დადასტურდა ამ ფირის დამონტაჟება, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საზოგადოებაში არსებულ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ თავად ქართული სპეცსამსახურები იყვნენ ჩართული აფგან მუხთარლის გატაცებაში, რაც არის ძალიან სერიოზული სკანდალი და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი,“ - აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

აფგან მუხთარლის გატაცების საქმეში, ქართველი სამართალდამცავების ჩართულობაზე საუბრობენ „ევროპული საქართველოს“ წევრებიც.

პარტიის ლიდერები სწრაფი გამოძიების მიზნით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ.

„ეს კადრებიც სრულიად ნათლად ცხადყოფს, რომ ქართველი ძალოვნები არიან ჩართულები ამ გატაცებაში და ფაქტობრივად არ არსებობს ინსტიტუცია, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს გარკვეული სანდოობა. ერთადერთი გამოსავალი არის პარლამენტმა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და შევქმნათ საპარლამენტო კომისია, რომელიც გამოიძიებს ამ საქმეს,“-აცხადებს სერგო რატიანი.

შეგახსენებთ, რომ "პოსტსკრიპტუმმა" იმ მარშრუტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნაწილი მოიპოვა, რომლითაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი მისი გაუჩინარების დღეს გადაადგილდებოდა.

ერთ-ერთი დაწესებულების ჩანაწერებში, რომლებზეც, აფგან მუხთარლის მიერ აღწერილი ფაქტები უნდა ყოფილიყო ასახული, ჩანს, რომ 19:09 საათიდან დრო 19:05-ზე გადადის და სრულიად განსხვავებული კადრით იცვლება. კონფიდენციალური ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ჟურნალისტის გადაადგილების ამსახველი კადრები ვიღაცამ განგებ ჩაანაცვლა. კონფიდენციალური წყარო ერთ-ერთი დაწესებულების ვიდეოდან მთელი კვირის მასალის გაქრობაზეც საუბრობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები