20 აგვისტო 2017,   06:09
ვრცლად
პრეზიდენტი ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით მეგობრის სტატუსით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ე.წ. მოსმენების კანონის ცვლილებათა პაკეტთან დაკავშირებით მეგობრის სტატუსით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და შეუსაბამო მუხლების გაუქმებას ითხოვს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილს ე.წ. მოსმენების კანონზე არაერთხელ აქვს გამოყენებული ვეტო, რადგან მიაჩნდა, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი არ აყალიბებდა დამოუკიდებელ სტრუქტურას, რომელიც განახორციელებდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს. შესაბამის დოკუმენტს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ შეიტანს.

„შემოთავაზებული კანონპროექტი არ აყალიბებდა დამოუკიდებელ სტრუქტურას, რომელიც განახორციელებდა მოსმენებს, ანუ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, შესაბამისად, პრეზიდენტი ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, სასამართლო მეგობრის მიმართვით, ვინაიდან იქ გაიმართება პროცესი და შესაბამისი სხდომა, რომ გაუქმდეს გარკვეული მუხლები მოსმენების კანონში, როგორც შეუსაბამო საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები