25 აპრილი 2024,   16:54
ვრცლად
"რადიო თავისუფლების" პროექტები - სამეურვეო საბჭოს წევრები პირველი არხის ხელმძღვანელობას ხვდებიან

დარჩება თუ არა საზოგადოებრივ მაუწყებელზე "რადიო თავისუფლების" პროექტები - ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ამ წუთებში სამეურვეო საბჭოს წევრები არხის ხელმძღვანელობას ხვდებიან. შეხვედრა ორი საათია უკვე მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყების წინ, სამეურვეო საბჭოს წევრებმა ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთეს.

საბჭოს წევრი ქეთევან მსხილაძე ამბობს, რომ გადაცემების საკითხს, შეხვედრაზე დააყენებს. ის არ გამორიცხავს, რომ გადაცემების დახურვას პოლიტიკური სარჩული არ აქვს.

„იყო ღირებული გადაცემები და უნდა დარჩენილიყო ჩვენ ეთერში. მაგრამ მენეჯმენტს აქვს განსხვავებული მოსაზრება. მე ვერც დავადასტურებ და ვერც გამოვრიცხავ, რომ ამ გადაცემების დახურვაში არის პოლიტიკური კომპონენტი,“ - განაცხადა ქეთევან მსხილაძემ.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთი წევრი სულხან სალაძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს, მენეჯმენტის მხრიდან არაერთხელ იყო პოზიციების შეცვლის ფაქტები.

„არ მაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი ისე იქნება და კარგად, როგორც ამას მენეჯმენტი აღნიშნავს, ჩვენ არაერთხელ ვნახეთ შეცვლილი პოზიციები მენეჯმენტის მიმდინარე წელს,“ - აღნიშნა სალაძემ.

გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილავენ კომპანია "თნს"-ის მოთხოვნას, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს სთხოვს გადაუხადოს იმ ეგზიტპოლის საფასური, რომელიც კომპანიამ საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ჩაატარა. თუმცა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ირაკლი პაპავა ეგზიტპოლების მნიშვნელოვან ცდომილებაზე საუბრობს.

„ისინი თხოულობენ თანხის ანაზღაურებას, ამ დროს არის ესეთი დილემა, რომ მათ მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლებს, თითქმის 7%-იანი ცდომილება ჰქონდა. რაც ჩვენ მოლაპარაკებაში გვქონდა ჩადებული, რომ დიდი ცდომილება არ უნდა ყოფილიყო. ამიტომ ეს საკითხები არის განსახილველი,“ -განაცხადა ირაკლი პაპავამ.

რაც შეეხება, ზოგადად, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს, ცნობილია, რომ "რადიო თავისუფლების" 2 პროექტთან ერთად, 17 ივლისის შემდეგ, პირველ და მეორე არხზე დაიხურება სულ 42 გადაცემა, თუმცა რეფორმა არ ეხება არხის საინფორმაციო სამსახურს.

დღის ამბები