20 აპრილი 2024,   08:23
ვრცლად
GRASS-მა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი შეაფასა-უზუსტობები ირაკლი კობახიძის განცხადებებში

„საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“ (GRASS-მა) ინოვაციური პროექტის "Fact Check"-ის ფარგლებში საკონსტიტუციო ცვლილებების 4-თვიანი პროცესი შეაფასა და ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებებში არათანმიმდევრულობა აღმოაჩინა. პროექტის ავტორთა განცხადებით, მმართველი პირების განცხადებები ხშირად მცდარი იყო.

პროექტის წარმომადგენლები კონსტიტუციის პროექტზე გაკეთებულ განცხადებებზე ამახვილებენ ყურადღებას, კერძოდ კი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარებზე პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით.

„საინტერესო იყო ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომელიც ამბობდა, რომ მაგალითად, პროპორციულ სისტემას, რომელსაც გვთავაზობდნენ ისინი - გამარჯვებულს მიაქვს ყველა ხმა, 2016 წელს რომ ამ სისტემით ჩატარებულიყო, მხოლოდ 8% ექნებოდა მმართველ გუნდს ბონუსი. ჩვენი გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ეს არ შეესაბამება რეალობას, რადგან აღნიშნული ბონუსი დაახლოებით 20%-მდე იყო,“ - განაცხადა "Fact Check"-ის ანალიტიკოსმა, ელენე მჭედლიშვილმა.

"Fact Check"-ის რედაქტორი, დავით ქუტიძე კი აღნიშნავს, რომ ამ თვეების განმავლობაში განხილვებმა მნიშვნელოვანი შედეგი ვერ გამოიღო, რადგან საარჩევნო სისტემა კვლავ შერეული იქნება.

„გამოვიდა, რომ ეს 4 თვე, ფაქტობრივად საკონსტიტუციო სამართალში ვიმეცადინეთ და მთავარი საკითხი, რაც იყო საარჩევნო სისტემის ცვლილება, უმთავრესი და ძალიან მტკივნეული, ეს ისევ დარჩა ღიად,“ - განაცხადა დავით ქუტიძემ.

დღის ამბები