19 აპრილი 2024,   09:48
ვრცლად
ასეთ ფორმატში მათთან თანამშრომლობა არ არის მიზანშეწონილი - მესამე სექტორი მმართველ გუნდს აკრიტიკებს

არასამთავრობო ორგანიზაციები მაჟორიტარული სისტემის შესახებ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას მიუღებელს და გაუმართლებელს უწოდებენ. სამოქალაქო სექტორის წევრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მმართველ პარტიას მოუწოდებენ, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური მმართველი გუნდის კრიტიკისას აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ განსახილველ თემებთან დაკავშირებით არ აქვს ჩამოყალიბებული ხედვა. ის ასევე, მმართველ პარტიას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთ ფორმატში მათთან თანამშრომლობა არ არის მიზანშეწონილი, იმიტომ, რომ ჩვენ შეიძლება ყოველთვის დავდგეთ იმ მოცემულობის წინაშე, რომ თავიდან ერთ საკითხზე შევთანხმდეთ და შემდეგ ეს საკითხი შეიცვალოს,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე მმართველ გუნდს საკონსტიუციო ცვლილებების დახურულ კარს მიღმა მიღების გამო აკრიტიკებს. მან აღნიშნა, რომ საკონსტიტუცო კომისიის მუშაობას მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„ეს იყო კონკრეტული პარტიის შიგნით მიღებული გადაწყვეტილება, რაც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს აქცევს ერთი პარტიის საკონსტიტუციო ცვლილებებად და არა საყოველთაო კონსესუსის შედეგად, რაზეც ვენეციის კომისიაც მოგვიწოდებდა,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" პროექტის კოორდინატორი, ირმა პავლიაშვილი საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების დაჩქარებულად მიღებას არ მიესალმება.

„მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს ამ საკითხებზე მსჯელობა, საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით მსჯელობები არ წარიმართოს დაჩქარებულ რიტმში,“ - აცხადებს ირმა პავლიაშვილი. 

 

ავტორი: თაკო სურგულაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები