24 აპრილი 2024,   14:31
ვრცლად
37 წლის მამაკაცს მცირეწლოვანებზე ძალადობაში ადანაშაულებენ - შანიძე პოლიციის მხრიდან წამებაზე საუბრობს

37 წლის დავით შანიძეს გამოძიება თანასოფლელი ბავშვების მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავება. საქმის მასალების მიხედვით, სექსუალური ხასიათის დანაშაული შანიძემ სამტრედიის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 4 და 5 წლის დების მიმართ ჩაიდინა. ბრალდებული ახლა წინასწარ პატიმრობაშია. ოჯახი კი მის საქმეში არსებულ დარღვევებზე საუბრობს. მათი ინფორმაციით, დაკავებამდე მცირეწლოვანი დების მამასა და ბრალდებულს შორის დაპირისპირება მოხდა. ოჯახი შვილის დაპატიმრებას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს.

მცირეწლოვანი ბავშვების მამის შეტყობინების საფუძველზე, პოლიციამ შანიძე პირველად 21 აპრილს მოწმის სტატუსით დაკითხა და აღიარებითი ჩვენებაც მიიღო. თუმცა შანიძეების მტკიცებით, სამტრედიის პოლიციაში დაკავებულზე მძიმე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. საქმის მასალების მიხედვით, აღიარებითი ჩვენების მიუხედავად, პოლიციამ შანიძე გაათავისუფლა. ადვოკატის ცნობით, მან სამმართველოს შენობა ისე დატოვა, რომ არც ბრალი წარუდგენიათ და არც ხელწერილი დაუწერია.

სამმართველოდან გამოსული შანიძე კი ოჯახის ცნობით, ტვინის შერყევითა და სხეულის მძიმე დაზიანებებით პირდაპირ ქუთაისის სამედიცინო კლინიკაში მოხვდა.

შანიძის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, მისმა ადვოკატმა სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლების წინაღმდეგ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. შოთაძის უწყებამ გამოძიება შანიძის მიმართ წამების ფაქტზე დაიწყო. თუმცა 13 მაისს პოლიციამ ის გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავა. მისი ინტერესების დამცველის განცხადებით, საქმეში მხოლოდ მცირეწლოვანი ბავშვების ჩვენებები დევს.

დათო შანიძე ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია, თუმცა ოჯახის ინფორმაციით, მისი გადაყვანა ბრალდების მხარის მოთხოვნის საფუძველზე ფსიქიატრიულ კლინიკაში იგეგმება. ოჯახი ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება პროკურატურამ მიზანმიმართულად მიიღო.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი. 

დღის ამბები