18 აპრილი 2024,   14:02
ვრცლად
"პანორამა თბილისის" საქმე - ნახევარ წლიანი ლოდინის შემდეგ სასამართლოში პროცესი ჩაინიშნა

თითქმის ნახევარ წლიანი ლოდინის შემდეგ "პანორამა თბილისის" საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ჩაინიშნა. მთავარი სხდომა დღეს 12:00 საათზე შედგება. საუბარია "საია"-ს სარჩელზე, რომლითაც მოთხოვნილია “პანორამა თბილისის” პროექტის ფარგლებში გაცემული მშენებლობის ნებართვების გაბათილება.  

საქმის განხილვა ჯერ კიდევ 7 თვის წინ უნდა დაწყებულიყო, თუმცა მესამე პირად ჩართულმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, რის შემდეგაც პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო. დღევანდელ პროცესზე მოსარჩელე მხარე საკუთარ არგუმენტაციას წარმოადგენს.

„ამ საქმეში გასაჩივრებული გვაქვს ორი სამშენებლო ნებართვა. კერძოდ საუბარია „პანორამა თბილისის“ ორ პროექტზე, ეს არის სოლოლაკის მაღლობი და სოლოლაკის ბაღები. რუკა, რომელიც ჩვენ კულტურის სამინისტროდან მოვიპოვეთ ადასტურებს, რომ ეს ორი მშენებლობა ნამდვილად კულტურული ლანდშაფტის დაცვის ზონაში მიმდინარეობს. თავისთავად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონი კრძალავს ამ ტიპის ზონაში მსგავსი სახის სამუშაოების წარმოებას. რეალურად ეს არის ის ნაწილი არგუმენტაციისა, რომელზეც ჩვენი სარჩელი არის აგებული,“ - განაცხადა "საია"-ს იურისტმა სულხან სალაძემ.

დღის ამბები