18 აპრილი 2024,   21:53
ვრცლად
ერთადერთი გზა, ჩრდილი მიეყენებინათ ამ პროცესისათვის, იყო ბოიკოტის გამოცხადება - მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

პარლამენტში კონსტიტუციის ახალი რედაქციას პროექტს ნახევრად ცარიელ დარბაზში განიხილავენ, თუმცა უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, ლეგიტიმაციის პრობლემა არ დგას. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პოზიტიურია და ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ პროცესისთვის ჩრდილი მიეყენებინა.

„მათ ამოეწურათ არგუმენტები, ერთადერთი გზა, რომ ჩრდილი მიეყენებინათ ამ პროცესისთვის, ამ პროგრესისთვის, იყო ის, რომ მათ გამოეცხადებინათ ბოიკოტი და ეს არის მათი პოლიტიკური არჩევანი და გადაწყვეტილება,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ უმცირესობის წევრების პოლიტიკური პოზიცია მათი არჩევანია და უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს ბოლომდე მაინც მიიყვანს.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს პროცესი და დღევანდელი კონსტიტუცია, რომელიც ყველა წინა ხელისულფებას უნდოდა თავისთვის, დავუბრუნოთ ხალხს და დავამტკიცოთ ისეთი კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები