25 აპრილი 2024,   00:08
ვრცლად
დეკანოზი მისი ოჯახის და პატრიარქის შეხვედრის ვიდეო ჩანაწერის სრულად გასაჯაროებას ითხოვს

მამა გიორგი მამალაძე მისი ოჯახის წევრების და პატრიარქის შეხვედრის ვიდეო ჩანაწერის გასაჯაროებას ითხოვს. მიზეზი შეხვედრის შემდეგ ოჯახის წევრებისა და საპატრიარქოს წარმომადგენელბის მხრიდან გაკეთებული ურთიერსაწინააღმდეგო განცხადებებია.

როგორც მამა გიორგი მამალაძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, ბრალდებული დეკანოზი თანახმაა გასაჯაროვდეს მისი ოჯახისა და პატრიარქის შეხვედრის სრული ვერსია და არა ფრაგმენტები, როგორც ეს  პროკურატურის შემთხვევაში მოხდა.

„მან დააფიქსირა, რომ ძალიან მადლობელია პატრიარქის, რომ პატრიარქმა მიიღო მისი ოჯახი. ასევე ძალიან ბედნიერია რომ პატრიარქს სჯერა მისი პიროვნების და მისი უდანაშაულობის და მისთვის უმთავრესი ამოსავალი წერტილი სწორედ ეს არის. რაც შეეხება ვიდეოს გასაჯაროებას, მისი პოზიცია არის ასეთი, რომ თუ ჩათვლის საპატრიარქო გასაჯაროების საჭიროებას, ის წინააღმდეგი არ არის. უბრალოდ მან თქვა, რომ თუ გაასაჯაროებენ, არ გასაჯაროვდეს ისე, როგორც პროკურატურამ გააკეთა ფრაგმენტ-ფრაგმენტი, არამედ იყოს სრული, რომ არავის არ ჰქონდეს ამაზე ცალ-ცალკე ინტერპრეტირების საშუალება,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

კვლავაც უცნობია, როდის მოხდება ბრალდებულის ზიარება, ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოს და ადვოკატების პოზიცია განსხვავებულია. ადვოკატი გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ მამა გიორგის მონახულებისა და ზიარების პირობა სასულიერო პირებმა პატრიარქთან გუშინ გამართული შეხვედრისას დადეს.

„მამა დავით ჭინჭარაული და მამა კახაბერი როდესაც უნდა შემოვიდნენ, იქვე საპატრიარქოში იყო საუბარი, რომ ისინი როგორც მოინახულებდნენ სასულიერო პირს, ასევე აზიარებდნენ.  ეს იყო თავიდან ბოლომდე საუბარი. მე მგონი ჩვენს პატრიარქზე უკეთ არავინ არ იცის საპატრიარქოში სასულიერო წესები, როგორ ხდება და სწორედ პატრიარქის თანდასწრებით იყო საუბარი, რომ უნდა ეზიარებინათ და შემოსულიყო აღნიშნული ორი პირი,“ - ამბობს ფანცულაია.

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატ პაატა მეხრიშვილის განცხადებით, დაკავებულ დეკანოზთან დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი საქმის დეტალებზე იყო. უფლებადამცველი ამბობს, რომ ბრალდების მხარის მიერ ბრალდების მამხილებლად წარდგენილი მტკიცებულებები, დეკანოზის გამართლების საფუძველი გახდება.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ დეკანოზ მამალაძის ოჯახისა და პატრიარქის შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროების მზადყოფნა მას შემდეგ გამოთქვა, რაც შეხვედრიდან გამოსულმა თორნიკე მამალაძემ თქვა, რომ საქართველოს პატრიარქს არ ჰქონდა ინფორმაცია ზიარებასთან დაკავშირებით მამა გიორგი მამალაძის მოთხოვნაზე.

თორნიკე მამალაძის განცხადებით, დეკანოზის ოჯახმა სცადა ამ ინფორმაციის ილია მეორისთვის მიწოდება, თუმცა მათ სიტყვა მამა დავით ჭინჭარაულმა შეაწყვეტინა. თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ ჭინჭარაული პატრიარქისთვის ინფორმაციის დამალვას ცდილობდა.

ავტორები: თაკო სურგულაძე

დღის ამბები