25 აპრილი 2024,   02:15
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმე - დახურული პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან დეკანოზის მხარდამჭერები შეიკრიბნენ

საქალაქო სასამართლოში "ციანიდის საქმის" დახურულ რეჟიმში განხილვა გრძელდება. დღეს ჩვენებებს აეროპორტის თანამშრომლები აძლევენ და იმ გარემოებებს იხსენებენ, რა ვითარებაშიც დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს.

პროკურორის განმარტებით, ჩხრეკაც და დაკავებაც დეტალურადაა დასურათებული და არ გამორიცხავენ, რომ ეს მასალები გაასაჯაროვონ.

„ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ამას ადასტურებს რაც მთავარია ფოტოსურათები, რომელიც გადაიღეს თვითონ ამ ბარგის ამსახველი ფოტოსურათები... სურათები შეიძლება გასაჯაროვდეს და თქვენი თვალით ნახავთ, რომ ლუქი დაზიანებული არ ყოფილა და რომც ყოფილიყო, ამას ბრალდებული და თავის ადვოკატი დააფიქსირებდნენ. ოქმში არ არის საერთოდ ამის შესახებ აღნიშნული,“ - განაცხადა მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ, ჯარჯი წიკლაურმა.

ხოლო დეკანოზის ადვოკატი, პაატა მეხრიშვილი აღნიშნავს, რომ აეროპორტში ხელბარგის ამოღება, სამართალდამცავების მიერ ბარგის მიღება და დათვალიერება, საგამოძიებო უწყებას ვიდეოზე არ დაუფიქსირებია.

„ყველაზე მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ჩატარდა ამ საქმეზე, ვგულისხმობ ამ ხელბარგის ამოღებას, მიტანას პროკურატურაში და დათვალიერებას, ვიდეო კამერით არ ყოფილა გადაღებული და ამის გადაღება არც კი უფიქრია საგამოძიებო უწყებას,“ - განაცხადა პაატა მეხრიშვილმა.

სასამართლოსთან მოწოდებით „თავისუფლება მამა გიორგის“ დღეს რამდენიმე პირი შეიკრიბა. დეკანოზის ახლობლები სასამართლო პროცესის გახსნის მოთხოვნით, საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ. 

დღის ამბები