19 აპრილი 2024,   16:18
ვრცლად
ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებული პირები, შესაძლოა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ

ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებული ის პირები, რომლებიც სასჯელს უკვე იხდიან, შესაძლოა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ. პარლამენტი ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ ახალ საკანონმდებლო პაკეტზე იწყებს მუშაობას.

საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. აკაკი ზოიძე იმედს გამოთქვამს, რომ საშემოდგომო სესიაზე, კონსენსუსის საფუძველზე კანონპროექტი მიღებული იქნება.

ზოიძის თქმით, ცვლილება შეეხება იმ ადამიანებსაც, ვინც ძალიან მცირე ნარკოტიკული საშუალებების მიზეზით იხდიან სასჯელს.

“ჩვენ ზაფხულის განმავლობაში განვიხილავთ და საშემოდგომო სესიაზე დიდი იმედი მაქვს, რომ მივაღწევთ კონსენსუსის საფუძველზე კანონპროექტის მიღებას. ასევე, ეს შეეხება კონკრეტულად ადამიანებს, იმის გამო რომ მათ აღმოუჩინეს უმცირესი რაოდენობის ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება, ან კვალი ნარკოტიკული ნივთიერების და დღეს ბრძანდებიან ციხეში. ასეთ ადამიანები გათავისუფლდებიან, რადგანაც ახალი გარემოება იქნება,“ - განაცხადა  აკაკი ზოიძემ.

ახალ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა "ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის” თავმჯდომარემ.

ზურაბ ჯაფარიძე ინიციატივას ემხრობა, თუმცა ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს წინასაარჩევნო გათვლაა, რომელიც ხალხის ხმების მოპოვების მცდელობას ემსახურება.

„ინიცირება მოხდა ესე გვიან. პრაქტიკულად, საგაზაფხულო სესია მთავრდება უკვე და შესაბამისად, ამ კანონპროექტის მიღება ახლა ვერ მოხდება. ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ იუსტიციის სამინისტროს აქვს მომზადებული კონკრეტულად მარიხუანასთან მიმართებაში სხვა კანონპროექტი, რომელიც გაცილებთ უფრო რბილია და იმ კანონპროექტის მიღებაზეც კი, საქართველოს პარლამენტში უმრავლესობას პრობლემა აქვს, აჩენს ბევრ ეჭვს, იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად ეს არის წინასაარჩევნო ნაბიჯები. უბრალოდ ხელისუფლება აპირებს, რომ ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობა მოატყუოს, ვითომ ნარკოპოლიტიკის შერბილება მოხდება,"-აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

 

დღის ამბები