23 აპრილი 2024,   11:43
ვრცლად
ციანიდის საქმე - ირაკლი მამალაძის მიერ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებისთვის წაყენებულ ბრალდებებს კომპანიის ხელმძღვანელობა პასუხობს

პროკურატურის ოქროს მოწმე, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს და კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს, „კურიერში“ გასული რეპორტაჟის გამო უჩივის. ირაკლი მამალაძის მიერ კვირას გაკეთებული ზეპირი განცხადება, საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ არასამუშაო დღეს მთავარ პროკურატურის სისხლის სამართლის საქმე აღეძრა.

მამალაძემ ჩივილი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „კურიერმა“ შს სამინსიტროს ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილი გაასაჯაროვა. წერილში კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ირაკლი ფირცხალავა ამტკიცებს, რომ წლების განმავლობაში ირაკლი მამალაძე უშიშროების სამსახურის აგენტი პროვოკატორი იყო.

მიუხედვად იმისა, რომ მძიმ ბრალდებებს, ამავე რეპორტაჟში თავად მამალაძეც პასუხობდა, მან „რუსთავი2“-ს მაინც უჩივლა. ირაკლი ფირცხალავას მიერ გამოგზავნილი წერილის მიღების შემდეგ, „რუსთავი 2“-მა ინფორმაცია თავად ირაკლი მამალაძესთან გადაამოწმა. ეთერში გასულ რეპორტაჟში მან ბრალდებას ვრცელი განცხადებებით უპასუხა და საჯაროდ უარყო. „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ბრალდება აბსურდულია.

ირაკლი ფირცხალავას ადვოკატი საგამოძიებო უწყების ინტერესებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ დაუყოვნებლივ დაწყებული გამოძიებით პროკურატურა ციანიდის საქმის მთავარი მოწმის რეპუტაციას უფრთხილდება.

დაწყებული გამოძიების შედეგებს ელოდებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეზე საუბრობენ.

ჯერ უცნობია, მოუწევთ თუ არა გამომძიებლების შეკითხვებზე პასუხის გაცემა სადავო წერილისა და რეპორტაჟის ავტორებს. პროკურატურა გამოძიების დეტალებზე არ საუბრობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები