25 აპრილი 2024,   19:52
ვრცლად
ხელისუფლება მომართულია მისი ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ - არასამთავრობოთა ღია წერილი საერთაშორისო საზოგადოებას 

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები ფედერიკა მოგერინისა და იოჰანეს ჰანის, ასევე ევროპის პარლამენტსა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართავენ. სამოქალაქო სექტორის ღია წერილის შინაარსი დღეს გასაჯაროვდება.

მასში დეტალურად არის წარმოდგენილი არგუმენტები თუ რატომ არის აუცილებელი მაჟორიტარული სისტემის გაუქმება უკვე მომდევნო არჩევნებისთვის.

„ხელისუფლება მომართულია მისი ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ. ჩვენ ბუნებრივია, ვართ ძალიან აღშფოთებული საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ, ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს ყველა იმ მხარეს, რომელიც საქართველოს მეგობარია. მნიშვნელოვანია მათი მხრიდან ადეკვატური რეაგირება და სწორი შეფასება ამ ფაქტის,“ - განაცხადა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

სამოქალაქო სექტორი არსებული კანონპროექტიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას არაეფექტურად მიიჩნევს. წერილის ადრესატები არიან საქართველოში მოქმედი საელჩოებიც.

„განსაკუთრებით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღებული ბოლო გადაწყვეტილება და ზოგადად, საკონსტიტუციო რეფორმის ბოლო ეტაპი, ძალიან შორს არის კონსენსუსისგან. ფაქტობრივად ერთპარტიულად მოხდა გადაწყვეტილებების მიღება. ვცდილობთ საერთაშორისო საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენოთ, რათა მათ აამოქმედონ ბერკეტები იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატია საფრთხის ქვეშ არ დადგეს,“ - აცხადებს "სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA)" აღმასრულებელი დირექტორი, ზვიად დევდარიანი.

დღის ამბები