სამი სასულიერო პირი მატროსოვის ციხეში მამა გიორგი მამალაძესთან იმყოფება, მათ შორის, დღეს პირველად ბრალდებულ დეკანოზს მამა დავით ჭინჭარაული მოინახულებს. ჭინჭარაული ის სასულიერო პირია, ვინც პატრიარქს ბერლინის კლინიკაში დეკანოზის დაკავების შესახებ აცნობა.
მამა კახაბერ გოგოტიშვილის თქმით, ბრალდებულ დეკანოზთან შეხვედრის ინიციატორი თავად მამა გიორგი მამალაძე იყო. მისი განცხადებით, პატრიარქმა მათ კურთხევა მისცა, რომ დეკანოზთან შესულიყვნენ.
„უნდა მოვუსმინოთ მამა გიორგის. მისი სურვილი იყო,“ - განაცხადა მამა კახაბერმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე.
სასულიერო პირები მატროსოვის ციხესთან მამა გიორგი მამალაძესთან შეხვედრას ერთი საათის განმავლობაში ელოდნენ, დეკანოზს მისი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ხვდებოდა. ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„თუ მართლა სამართალზეა ლაპარაკი და ყველა ამ ინფორმაციამ თავისი ადრესატი უნდა იპოვოს, ჩვენც გარკვეული ინფორმაცია გაგვაჩნია და დაველოდებით, რა ინფორმაციას მიაწოდებენ პატრიარქს და როგორი დამოკიდებულება იქნება დღევანდელი შეხვედრის შემდეგ საპატრიარქოს მხრიდან მამა გიორგისთან მიმართებაში,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.