„საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა" პარლამენტში ინიცირებულ ნარკოპოლიტიკის რეფორმას ეხმაურება და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის სისტემურ ცვლილებებას მოითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ნარკოპოლიტიკის რეფორმის პრინციპული საკითხები დეპუტატებთან ერთად განიხილეს.
სამოქალაქო სექტორი მოითხოვს, მოხდეს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლება.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინსტიტუციური რეფორმების პროგრამის დირექტორის, სოფო ვერძეულის განცხადებით, სამოქალაქო სექტორის მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტის განხილვა პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზევე უნდა დაიწყოს.
„ჩვენი აზრით, საშემოდგომო სესიაზე ეს უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელზეც საქართველოს პარლამენტი დაიწყებს მსჯელობას. ასეთი კომპლექსური მიდგომა და ასეთი კომპლექსური ინიციატივა ძალიან დიდი ხანია და პრინციპში პირველია, როდესაც შედის პარლამენტში და ასეთი მხარდაჭერა აქვს ამ პროცესს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი ასეთ მობილიზაციას, რომელიც არის საზოგადოებაში, არ დაკარგავს და არ გამოიყენებს სხვა არასათანადო მიზნებისთვის,“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა.
სამოქალაქო სექტორის განმარტებით, რეფორმა არ ეხება ნარკოტიკის გასაღებას, რეალიზაციას. მათივე თქმით, გასაღება კვლავ მკაცრად დასჯად ქმედებად დარჩება. არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე ნარკოდამოკიდებული პირების რეაბილიტაციის აუცილებლობაზეც საუბრობენ.
„საბოლოო პაექრობა არის გასამართი შემოდგომაზე და ჩვენ გვიხარია, რომ ეს გამოწვევა საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ჩვენგან. ის კანონპროექტი დადგა პარლამენტში განსახილველად, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ და რომელიც გვჯერა, რომ მართლაც ხარისხიანად შეცვლის დღევანდელ სიტუაციას,“ - განაცხადა დავით სუბელიანმა.