"ბავშვთა სამყაროს" აქციონერები პროკურატურას მიმართავენ. სააქციო საზოგადოების წევრები პროკურატურისგან დაზარალებულად ცნობას მოითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ შენობის დაწვამ მათ დიდი ზარალი მიაყენა და არა მხოლოდ ქონება, არამედ მომავლის იმედი წაართვა.
„ფაქტობრივად ჩვენ მარტო ქონება არ დაგვეწვა, ჩვენ ყველანაირი იმედი, ყველანაირი წარსული, არ ვიცი, მომავალს ჯერჯერობით ვერ ვხედავთ. ვთხოვ, მოვთხოვ, მივმართავ პროკურატურას, რომ ჩვენი სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყარო“ ცნოს დაზარალებულად,“ - განაცხადა ”ბავშვთა სამყაროს” აქციონერმა, ლალი კურტანიძემ.
აქციონერები პროკურატურისგან რეაგირებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის სხვა საშუალებებს მიმართავენ.
„თუკი უახლოეს დღეებში სააქციო საზოგადოება არ მიიღებს ამ სტატუსს, თანამშრომლებს დარჩებათ ერთადერთი გზა, მიმართონ სხვა გზებსა და საშუალებებს,“ - განაცხადა აქციონერების ადვოკატმა, ვაჟა მაისურაძემ.