16 აპრილი 2024,   12:25
ვრცლად
სამ დღეში მითხრეს, შენ გქონდა 18 აბი სუბოტექსიო - მიხეილ თათარიშვილი მისი დაკავების ოპერაციას "გატაცებას" უწოდებს

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული მიხეილ თათარიშვილი ამბობს, რომ ნარკოტიკები პოლიციამ პრეზიდენტის სიძესთან მეგობრობის გამო ჩაუდო.

15 მარტს მისი დაკავების ოპერაციას "გატაცებას" უწოდებს და „კურიერის" კამერის წინ ყვება, როგორ აღმოჩნდა ნარკოტიკები მის ჯიბეში.

მოსამართლემ მიხეილ თათარიშვილი დღეს დარბაზიდან 10 ათასლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. საქმის პროკურორი კი 300 ლარით დააჯარიმა.

თათარიშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც სხდომის დაწყებიდან ერთი საათის განმავლობაში პროკურორი პროცესზე არ მივიდა. 

დღეს სასამართლოს პრეზიდენტის ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი და სიძე, მინდია გოგოჭური, უნდა დაეკითხა, თუმცა პროკურორის გამოუცხადებლობის გამო, დაკითხვა ჩაიშალა.

პრეზიდენტის ოჯახი ფიქრობს, რომ მათზე შურისძიების გამო მიხეილ თათარიშვილის ციხეში ყოფნა საგამოძიებო უწყებების სურვილი იყო, თუმცა, საზოგადოების პროტესტის შემდეგ, პროკურატურა იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო.

დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით, მიხეილ თათარიშვილი პოლიციამ 15 მარტს დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ თათარიშვილს ჯიბეში 18 აბი სუბოტექსი ედო. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ეს 29 ივნისს გახდება ცნობილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები