19 აპრილი 2024,   06:59
ვრცლად
საქართველოს დღეს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს დღეს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ეწვევა. ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამართავს კონსულტაციებს.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ კონსტიტუციის ახალი პროექტი, რომელიც ორი მოსმენით უკვე მიიღო პარლამენტმა, დემოკრატიულია და ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.

„კონსტიტუციის ახალ პროექტს პარლამენტმა დაუჭირა მხარი, 115-მა დეპუტატმა, ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ და ჯგუფმა. შესაბამისად მივაწვდით სრულ ინფორმაციას თუ როგორ ჩატარდა საკონსტიტუციო სესიები პარლამენტში,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტს თავიანთ შენიშვნებს გააცნობს საპარლამენტო ოპოზიციაც. ევროპული საქართველოს წევრები მმართველ გუნდს, საზოგადოებისა და ვენეციის კომისიის მოტყუებაში ადანაშაულებენ.

„საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ვიხილავდით კონსტიტუციის ცვლილებების ერთ ვერსიას და საბოლოო ჯამში ყველაფერი შეცვალა "ქართულმა ოცნებამ" და მიიღო სრულიად განსხვავებული ვერსია, ამიტომ „ქართულ ოცნებას“ არა მარტო ქართველ ამომრჩეველთან მოუწევს ახსნა, არამედ მათ ეს უნდა აუხსნან საერთაშორისო საზოგადოებას და ვენეციის კომისიას,“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, უმრავლესობამ კონსტიტუციის პროექტი განსხვავებული შინაარსით, კონსესუსის გარეშე, ერთპიროვნულად მიიღო.

„დოკუმენტი, რომელიც წარედგინა ვენეციის კომისიას, არ არის ის, რასაც დღეს იღებს პარლამენტი. ანუ ქართველ ხალხთან ერთად „ქართულმა ოცნებამ“ მოატყუა ვენეციის კომისია. ცხადია ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციებს და ხაზს გავუსვამთ იმას, რომ ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით და კონსესუსი საფუძველზე უნდა იქნეს მიღებული კონსტიტუცია,“-განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

დღის ამბები