25 აპრილი 2024,   09:20
ვრცლად
„ქართულმა ოცნებამ" საქართველოს სახელი გაუტეხა- არასაპარლამენტო ოპოზიცია ბუკიკიოსთან შეხვედრისთვის ემზადება

ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან, რომელიც საქართველოს დაახლოებით 2 საათში ეწვევა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები იგეგმება არასაპარლამენტო ოპოზიციასთან.

არასაპარლამენტო ოპოზიცია გეგმავს, რომ ხვალ, შეხვედრის დროს ისაუბრონ იმ თემაზე, თუ რა პოლიტიკური პროცესები შეიძლება განვითარდეს საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ.

„ჩვენ გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის სამართლიანობის იმედი და მათ უნდა ესმოდეთ, რომ თუ ისინი არ განახორციელებენ სამართლებრივ და სამართლიან ზეწოლას ხელისუფლებაზე და თუ არ იქნება ელემენტარული პირობები იმისთვის, რომ ქვეყანაში არჩევნების გზით შეიცვალოს ხელისუფლება, ეს რა თქმა უნდა, გამოიწვევს დაპირისპირებას,"- განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

საქართველოს "ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია ამბობს, რომ თუ ვენეციის კომისიის მხრიდან მკაცრი მესიჯები არ იქნა, ეს ქვეყანაში დესტაბილიზაციას ხელს შეუწყობს.

„ვენეციის კომისიას და ევროპის სტრუქტურებს არ უნდა აწყობდეთ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" იმ გზით, რა გზითაც ის მიდის, აკეთებს იმას, რომ ითვისებს ძალაუფლებას,“ - აცხადებს დავითაია.

"თავისუფალი დემოკრატების” აღმასრულებელი მდივანი ლევან სამუშია აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოატყუა, როგორც საქართველოს მოსახლეობა, ასევე ვენეციის კომისია და საერთაშორისო საზოგადოება.

„ქართულმა ოცნებამ", შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სახელი გაუტეხა და უმკვიდრებს საერთაშორისო ასპარეზზე არასანდო პარტნიორის იმიჯს,“ - განაცხადა ლევან სამუშიამ.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს საქართველოში 2 საათში ელოდებიან. ბუკიკიოს დღეს პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან ექნება.

დღის ამბები